(რეზონანსი) ახალი კანონპროექტით, უცხოელებს საქართველოში 100 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის შეძენა ეკრძალებათ. კანონპროექტის ინიციატორი, უმრავლესობის 21 დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.
ახალი რეგულაციის მიხედვით,შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 100 ჰექტარს.
სასოფლო სამეურნეო მიწის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა, ხელშეკრულება, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს, არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.
ინვესტორს ასევე უნდა ჰქონდეს საინვესტიციო ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა. მის მიერ მიწის შეძენა უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის ნაწილი.
კონსტიტუციის ახალ პროექტში მიწის შესახებ ჩანაწერი ასეთია:
მუხლი 19 . „მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი". უმრავლესობის დეპუტატებმა სწორედ ამ კანონის ინიცირება მოახდინეს.