ნინო ქეთელაური
01.06.2017

საქართველოში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტ აფგან მუხტარლის ბაქოში ასამართლებენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მუხტარლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელდარ სულთანოვის თქმით, დაკავებისას მუხტარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს.

მუხტარლის ადვოკატის შეფასებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აზერბაიჯანში საიდუმლოდ გადაყვანა - ეს არის მოტაცება და საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

მისი თქმით, საქართველოს მისი გადაცემის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, თუკი ადამიანს სამშობლოში დაპატიმრება ემუქრება, ის გადაცემას არ ექვემდებარება.

საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, აღნიშული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სრული სირცხვილია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქის უსაფრთხოება დაუცველია.

როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავება აისახება თუ არა საქართველოს იმიჯზე ნეგატიურად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  მე არ მივესალმები არანაირ ძალადობრივ მეთოდს, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის თავისუფლება და მე ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციაშიც იგივე არ იყოს ჩაწერილი.

აქედან გამომდინარე, თუ ჟურნალისტი აყვანილია მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ეთანხმება სახელმწიფოს პოლიტიკას, ეს მოსაწონი ნამდვილად არ არის.

ძალიან ბუნდოვანი საქმეა და სანამ ჩვენი უწყებები ოფიციალურ განმარტებას არ გააკეთებენ, მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, სხვა შეფასება გავაკეთო.

თუმცა, ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უფრო ფხიზლად უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ადამიანი როგორ გადაიყვანეს, მძინარე მდგომარეობაში იყო, რომ ვერ გაიგეს, რა მოხდა?

ვიდეოკამერაზე ყველაფერი ფიქსირდება და წესით, ესეც უნდა დაფიქსირებულიყო. საკმაოდ ბნელით მოცული ამბავია და უნდა დაველოდოთ ჩვენი მხარის კომენტარს.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს მომხდარიყო და ასეთი დანაშაული ჩაედინა ჩვენს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა.

 

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): თუ ეს ფარულად მოხდა, ისე, რომ ამის შესახებ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა არაფერი იცოდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ჩვენს იმიჯზე ნეგატიურად აისახება. თუ იცოდა და სახელმწიფოთაშორის არსებული შეთანხმება ითავლისწინებს ასეთ შემთხვევაში გადაცემას, მაშინ ეს გასაგებია.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. თუ მეგობარი ქვეყანაა ზერბაიჯანი და მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ის ცუდია, თქვენთან ყოფილა და გამოგზავნეთო, ეს სხვა ამბავია.

თუმცა, როგორც ადამიანი, ნამდვილად მეცოდება. მით უმეტეს, ჟურნალისტია და თავი შეგვაფარა, როგორც მასპინძელს. ამიტომ, ნამდვილად არ გვეკადრება. შეიძლება, პროვოკაციაც არის, არაფერს გამოვრიცხავ. ასე რომ, ბევრი წახნაგი აქვს ამ ამბავს და არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა.

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე. მას შემდეგ, რაც მოხდა, როდესაც ჟურნლისტს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იტაცებენ და საზღვარზე გადაჰყავთ, სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს. ეს არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ საკუთარი მოსახლეობის თვალშიც ნეგატიურად აისახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×