პრეზიდენტი: "საქართველოდან ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა"
თიკო ოსმანოვა
01.06.2017

 ხელისუფლების არაკომპეტენტურობა თუ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოდან უპასპორტოდ გაიტაცეს, ბაქოში დააკავეს. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პრემიერი და შს მინისტრი დუმილს ამჯობინებენ, ამ დროს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელვა მის თანამდებობაზე "ვაჭრობს" და სამოქალაქო სექტორს აკრიტიკებს, პრეზიდენტი კი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე საუბრობს, ხოლო აშშ-ის ელჩი შეშფოთებულია.

აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალი წარუდგინა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, "აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 საათზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია.

დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება".

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს.

როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხადებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

მისი ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, - "ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს".

"როგორც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, ჟურნალისტი "მწვანე საზღვარზე" დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის თქმით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტი დაკავებულია იქ, სადაც გადასვლას პასპორტი არ სჭირდება.

"განცხადებების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მე თავს შევიკავებ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება.

"როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ავტორია. მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევის განცხადებით, აფგანი საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს.

"ის გაიტაცეს და არაკანონიერად გადაიყვანეს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის სამართალდამცავები არა აზერბაიჯანის უსაფრთხოებას ემსახურებიან, არამედ ერთი ოჯახის, ალიევების ოჯახის ბრძანებებს ასრულებენ.

"აფგანი მისი პუბლიკაციების, საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს. ჩვენ სამართლიან გამოძიებასა და აფგან მუხთარლის გათავისუფლებას ვითხოვთ", - განაცხადა მან.

არადა, შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ განცხადება ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამა გააკეთა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი რადიო "თავისუფლების" დაცვის თანამშრომელია და ჟურნალისტი არ არის.

"სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ, საქმე გახსნან და ჭეშმარიტება დაადგინონ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა. მათ შორის აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს.

"ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ის იყო რადიო "თავისუფლების" დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის. მე ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს იგი.

"პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა გამოძიება დაწყებულია სწორედ იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზუსტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჟურნალისტებმა კითხვები ასევე დაუსვეს შს მინისტრსაც და პრემიერსაც, თუმცა კვირიკაშვილმა და მღებრიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატივეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას.

"მისი ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოში, როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში, ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი.

"ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოებრივი დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომლებიც ადვოკატის მიერ გაკეთდა, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია იქნება ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან, ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ა/ო "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი -საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი, აზერბაიჯელი ჟურნალიტის გატაცებასთან დაკავშირებით ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს, თუმცა ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს.

"ასეთ საქმეს, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ავალებენ. ეს არის სპეცსამსახურების ფუნქცია. მაგრამ საკითხავია, ეს ჩვენი სპეცსამსახურია თუ აზერბაიჯანის? მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ჩვენ თუ მას გადავაბამთ, რაც მოხდა თურქეთის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.

"ასე რომ, ორი შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ - ერთი, რომ ეს მოხდა ქართულ სპეცსამსახურებთან, სამართალდამცავებთან კონტაქტში აზერბაიჯანის მხრიდან. თუმცა დარღვევაა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს - სასამართლოს გარეშე ადამიანის წაყვანა თუ გატაცება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

"მეორე უარესი შემთხვევაა - თუ მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავის ძალებით დამოუკიდებლად ჩაატარა სპეცოპერაცია. კი ბატონო, თავისი მოქალაქეა, მაგრამ საქართველოში მყოფი მოიტაცა. ასე რომ, ორივე შემთხვევაში არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბესო ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×