(რეზონანსი) აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ბრიფინგი გამართა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საზღვრის კონტროლის თანამედროვე სტანდარტით, გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების ე.წ მწვანე ზოლს სასაზღვრო პოლიციის მორიგეები აკონტროლებენ.თუმცა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანმა საზღვრის რომელიმე წერტილი მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს.
„აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავსს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება" , - განაცხადა მღებრიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა,რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტება სად და რა ვითარებაში დააკავეს აფგან მუხთარლი. აქციას დაკავებულის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და ოჯახის მეგობრებიც ესწრებიან.ისინი სუს-ის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.
ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს.