(რეზონანსი) ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ბერლინმა მწვავე დაპირისპირებების შემდეგ დიპლომატიური ტონის შერბილება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „vedomosti.ru" ავრცელებს.
„დონალდ ტრამპი პატივს სცემს ანგელა მერკელს და მზად არის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისთვის" , - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. „ძალიან უცნაურია, როდესაც ჩვენ მხოლოდ „twitter"-ის საშუალებით ვურთიერთობთ" , - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.
ორ ქვეყანას შორის უთანხმოება ანგელა მერკელის განცხადების შემდეგ დაიწყო. გერმანიის კანცლერმა კვირას განაცხადა, რომ ევროპას სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება არ სჭირდება.
„აღარ არის დრო,როდესაც კეთილდღეობისთვის აუცილებლად სხვას უნდა დაეყრდნო. ევროპას შეუძლია თავისი ბედი თავად განკარგოს" , - განაცხადა მერკელმა.