(რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრმა 26 მაისს განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. ეს პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა წინადადებით,რომ უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. ომბუდსმენის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები.
ჯანდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად, პროგრამის უსაფრთხოების არგუმენტით, ამ ცვლილების განხორციელებაზე უარი განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა,რომ სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს" შორის შეთანხმებით, პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩაერთვებიან.
ომბუდსმენის განცხადებით,ეს ნაბიჯი კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.