რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ევროსაბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩია. მთავრობის წევრებმა ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე აირჩიეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასა. ქულების დაჯამების შედეგად, ლადო ჭანტურიას - 5, სოფიო ჯაფარიძეს - 4.69, შოთა გეწაძეს - 3.85, თამარ ალანიას - 3.77 და ირაკლი დონდოლაძეს - 3.69 ქულა ჰქონდათ.

შერჩეული კანდიდატების საბუთები ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს წარედგინება. შემდეგ ის შესაბამის კომიტეტს გადაეცემა, რომელიც კენჭს უყრის სიას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, სამივე კანდიდატს მოუსმენს.

გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სია წარედგინება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს საბოლოოდ აირჩევს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი განმეორებით ჩატარდა, რადგან ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია, ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით, არ დაამტკიცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×