29 მაისს თბილისში აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. 2015 წლის იანვრიდან მუხთარლი საქართველოში მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.
30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაკავებული. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და დიდი ოდენობით თანხის გადატანა ედება.
მუხთარლის თქმით კი, იგი უცნობმა პირებმა თბილისში მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს. როგორც თავად ვარაუდობს, ისინი საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.
რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების განმარტებები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით? - ამ კითხვით რეზონანსმა საზოგადოების წევრებს მიმართა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): "შესაძლებელია, იყოს სიმართლე. ფაქტია, ვიღაც ტყუის. მე მაინც არ მგონია, იმ ქვეყანაში მირბოდეს ადამიანი, საიდანაც გამოქცეულია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება."
მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): "ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების განმარტებები არადამაჯერებელია, ურთიერთგამომრიცხავი და ხშირად სრულიად აბსურდული. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვისაა დამღუპველი, დამამცირებელი და დემოკრატიული იმიჯის შემლახავი მსოფლიოს თვალში."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "არ არის დამაჯერებელი. ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორი. ჩვენც ხომ არ მოგვწონს, როცა ვინმე დამნაშავედ მიგვაჩნია და არ გადმოგვცემენ მას, მაგრამ აზერბაიჯანში მძიმე მდგომარეობაა და მათი განმარტებები არ არის სარწმუნო ჩემთვის."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მას ხომ პასპორტი და საბუთები დატოვებული ჰქონდა. ნამდვილად არ არის სარწმუნო ხელისუფლების განმარტებები. დღისით, მზისით საქართველოს ცხვირწინ აართვეს ადამიანი. მე არ ვიცი, თავმოყვარე სახელწიფო ამ დროს რა მდგომარეობაში უნდა იყოს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე