რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი, ნილს მუჟნიეკსი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის ადვოკატის სერიოზულ ბრალდებებს მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოს, საგამოძიებო ორგანოებმა კი სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა ჩაატარონ.

„აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მუხთარლი ამტკიცებს, რომ ფული ჯიბეში გამტაცებლებმა ჩაუდეს და ცუდად ეპყრობოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია" , - ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისრის „facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე.

აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმაც გააკეთა.ჰაიკე ფაიჩის თქმით, ამ საქმემ შეშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ გერმანიის დედაქალაქშიც.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომ მოგვიწვიეს ელჩები და ინფორმაცია მოგვაწოდეს მიმდინარე გამოძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განაგრძოს გამოძიება და ფაქტების დადგენა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა", - განაცხადა ელჩმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ფაქტობრივი გარემოებები გააცნეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×