რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს პირისპირ შეხვდა. მარგველაშვილმა ლაშა თორდიასთან „ელ ცენტრო"-ში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას სკანდალურ საქმეზე დროულ გამოძიებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მსგავსი რეზონანსული საქმეების გამოუძიებლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

„იმას,რაც მოხდა, ნათელი და პირდაპირი პასუხი სჭირდება. მოხდება რამე პრობლემური და მერე ხდება ჩაფარცხვა, გადაპიარება და ვხედავთ, რომ არამარტო გაუცემელია პასუხები, არამედ კითხვები ისმის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე. ასეთი თემების „პიარ ტრიუკებით" გადაფარვა გაუგებარია, ეს დაუბრუნდება თითოეულ მოქალაქეს" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდა საზოგადოებას რეალური ინფორმაცია სწრაფად მიაწოდონ. მარგველაშვილის თქმით, ვიდეო მასალებით საზოგადოებას თვალს უხვევენ.

„მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. ეს არის მდაბიო პიარ ომი, რომლის მაყურებელიც საზოგადოება გახდა. როცა თავდასხმაზე ლაპარაკობს თორდია, აქ ვიდეოებით თავდასხმის მაგივრად პასუხების გაცემაა საჭირო. ვიდეო კასეტებით ომი კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ " , - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×