(რეზონანსი) გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილთა მხარდამჭერი რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიიღო. დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი 80-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. პროექტის წინააღმდეგ 14 ხმა იყო, ხოლო თავი 61-მა წევრმა შეიკავა. წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ოთხით გაიზარდა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
„რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას" , - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
„2008 წლიდან ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა. თუ 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მხოლოდ 14 ქვეყანა, წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს არის კიდევ ერთი დასაბუთება, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა" , - განაცხადა ზალკალიანმა.