(რეზონანსი)ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში,წყალმომარაგების კომპანიებს სატარიფო განაცხადები შეაქვთ და ტარიფების გადახედვას ითხოვენ. ეს ეტაპი უკვე გაიარეს გაზგამანაწილებლებმა, რომლებიც ტარიფის მომატებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2"-ი ავრცელებს.
სამ გაზგამანაწილებელ კომპანიას, „ყაზტრანსგაზს", „სოკარ გაზ ჯორჯიასა" და „საქორგაზს", სემეკში განაცხადი უკვე შეტანილი აქვთ.
„კომპანია მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს აქტივების დათვლასთან და შეფასებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს ყველაფერი შევიტანოთ სემეკში და მივმართოთ, რომ სატარიფო პოლიტიკას გადახედოს" , - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საჯარო სხდომებზე მიიღებენ. მისი თქმით, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ენერგეტიკოსები კი გაზის ტარიფის მომატებას პროგნოზირებენ. ისინი ტარიფის შესაძლო ცვლილებას ლარის დევალვაციას უკავშირებენ. მათი თქმით, სემეკმა უნდა შეარჩიოს ისეთი ტარიფი,რომ წარმოება არ შეჩერდეს და კომპანიები არ გაკოტრდეს.
„გაზის ტარიფი აუცილებლად მოიმატებს. პირველი ძირითადი მიზეზი გახლავთ ლარისა და დოლარის ურთიერთქმედება. ბოლო 10 წლის განმავლობაში სერიოზული ინვესტიციები იქნა ჩადებული ენერგოკომპანიების მიერ გაზის წარმოებაში, ამ ინვესტიციებსაც სჭირდება ამოღება" , - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.