რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) 2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ ტაქსების კომპანია „ტექნოკომმა", კერძოდ ტაქსების ოპერატორ „MAXIM"-ის მძღოლმა მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. მძღოლმა მას და თავის მეგობრებს მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა, რასაც თან დამამცირებელი სიტყვები სდევდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" ავრცელებს.

2017 წლის 31 მაისს, ომბუდსმენის აპარატმა დაადგინა, რომ ტრანსგენდერის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის ნიშნით. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა როგორც კომპანიის მიერ დაქირავებულ მძღოლს, გიორგი გეგეჭკორს, ასევე შპს „ტექნოკომს".

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს კომპანიას, რომ შეიმუშავოს შინაგანაწესი, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას. ომბუდსმენი ასევე ითხოვს,რომ ტაქსი „MAXIM"-ის ვებგვერდზე, www.taximaxim.ge, დაემატოს პარამეტრი, რომელიც „MAXIM"-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ.

„ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში, იქნება ეს პირადი, პროფესიული, სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ასპექტები. ხშირ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას" , - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×