სამხრეთკორეულმა საავტომობილო კომპანია "ჰიუნდაიმ" ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე უახლესი მოდელის 4 ავტომობილის ტესტ-დრაივი მოაწყო. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები "რესპუბლიკის" იმიჯის და სილამაზის პოზიტიურად პოპულარიზაციას, შესაბამისად კი, მეტი ტურისტის მოზიდვას უწყობს ხელს.
თბილისში აცხადებენ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აშკარა დარღვევაა. თავად "ჰიუნდაის" თბილისის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას განცხადებით, კომპანიის მანქანების ტესტირება აფხაზეთში ჩატარდა, თუმცა "ჰიუნდაის" ოფიციალური წარმომადგენლობა "რესპუბლიკაში" არ არის.
"ამ ეტაპზე კომპანია "ჰიუნდაის" ოფიციალური წარმომადგენლობა აფხაზეთში არ არის. საკურორტო სეზონის წინ მსგავს ღონისძიებებს შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი ელემენტი აფხაზეთის "რბილი ძალის", რომელიც ემსახურება აფხაზეთის იმიჯისა და სილამაზის პოზიტიურად პოპულარიზაციას, რაც მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ტანიამ.
რუსული და აფხაზური მედიის ცნობით, "ჰიუნდაის" 4 ახალი მოდელი რუსულ ოფიციალურ წარმომადგენლობაში აპრილში შევიდა და კომპანიამ გადაწყვიტა მათი ტესტ-დრაივი ჟურნალისტების მონაწილეობით აფხაზეთში მოეწყო. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ კომპანიამ ოკუპირებული აფხაზეთი რთული, მიხვეულ-მოხვეული გზების და ლამაზი ბუნების გამო შეარჩია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, რომ "ჰიუნდაიმ" საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და, წესით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომპანიას ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს.
"აქ საუბარი არ არის იმაზე, ამ კომპანიის წარმომადგენლობა არის თუ არა აფხაზეთში. კანონის დარღვევაა, თუ კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე შევიდა.
"მეორეც, მოქალაქეებმა ეს მანქანები საიდან შეიყვანეს? თუ მანქანები შეიყვანეს ენგურის ხიდიდან, რაც, ასე რომ მომხდარიყო, გვეცოდინებოდა, მაშინ კანონი დარღვეული არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეს მანქანები შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მხრიდან, სოჭიდან. მაშინ ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, დარღვეულია.
"ხაზი მინდა გავუსვა - მნიშვნელობა არ აქვს, კომპანიაა თუ ნებისმიერი მოქალაქე, თუ ვინმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ეს არის საქართველოს კანონის დარღვევა. ამ შემთხვევაში კომპანიას აქვს დარღვევა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩაერთოს ამის გარკვევაში და ახსნა-განმარტება უნდა მოეთხოვოს.
"თუმცა იმდენად მიშვებულია ეს საკითხი, რომ კორეული კომპანია კი არა, ვისაც არ ეზარება, ყველა ქვეყნის კომპანია შედის აფხაზეთში," - ამბობს დავითაია.
მისი თქმით, "სამხრეთ კორეა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულებით, თუ კომპანიები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევლენ და იქ რაიმე საქმიანობას განახორციელებენ, იმ ქვეყნებს პრობლემები შეექმნებათ" და ამიტომ საგარეო უწყებამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-საც სასწრაფოდ უნდა აცნობოს ეს ფაქტი.
"რეზონანსი" შეეცადა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიეღო კომენტარი, მოითხოვა თუ არა ახსნა-განმარტება კომპანია "ჰიუნდაისგან" და სამხრეთ კორეის ხელისუფლებისგან, თუმცა საგარეო უწყებაში არც ჩვენს ზარებს და არც სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხეს.
ასევე კომენტარი ვერ მივიღეთ თბილისში "ჰიუნდაის" ოფიციალური წარმომადგენლობისგან. "რეზონანსს" კომპანიაში ჯერ განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ და გაარკვევდნენ, შემდეგ კი საერთოდ არ გვიპასუხეს.