გვანცა წულაია
03.06.2017

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მედიას მოუწოდა, ნუ ჩაერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ მასმედია ასე განვითარებულია, თუმცა ეს არხები ხალხს უნდა უყვარდეს.

"ყველანი ძალიან ნიჭიერები ხართ. ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, თორემ იცით, სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც - ჩვენ. ყველა არხს გიყურებთ, ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ მაქვს, რომელიმე ამისია, რომელიმე - იმისი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

რამდენად სამართლიანია მეუფე იაკობის მოწოდება ჟურნალისტებისადმი და უნდა აშუქებდეს თუ არა მედია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "გასაგებია, რომ მას არ სიამოვნებს ის, რაც ეკლესიის ირგვლის ხდება. უნდა, რომ ეს თემა საჯარო განხილვის საკითხი არ იყოს, რადგან ამან საზოგადოებრივ აზრზე ძალიან იმოქმედა. მეორე მხრივ, ის, რომ არავინ არაფერი იცოდეს, ჟურნალისტებმა საერთოდ არ გააშუქონ ან ისეთი პოზიცია დაიკავონ, ვითომ ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება, არ გამოვა ისეთ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს.

"მით უმეტეს საქმეში პროკურატურაა ჩართული და მედიამ პირში წყალი ჩაიგუბოს და ისეთი პიზიცია დაიკავოს, ვითომ არაფერი ხდება?!

"ამ საკითხზე ინტერესი მეტია, რაც სავსებით ნორმალური და ლოგიკურია. რადგან ეს ამბავი წამოტივტივდა, ძალით მიჩუმათება არ გამოვა. არ მგონია, რასაც მეუფე იაკობი ჟურნალისტებს მოუწოდებს, საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. რასაკვირველია, მედია საპატრიარქოს მიმდინარე მოვლენებს უნდა აშუქებდეს, რათა ვიცოდეთ, რა ხდება."

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "არ ვიცი, ეს ინფორმაცია რა ტონშია ნათქვამი. რა თქმა უნდა, მეუფე არ იკადრებდა და უხეშად არ იტყოდა. მაგრამ თუ უხეშად თქვა, ესე იგი რაღაც ინფორმაციების გამო აღელვებულია. ეს ისეთი საკითხია, ჟურნალისტებმა რაც უნდა ცუდი იცოდეთ, რბილად უნდა მოგვაწოდოთ, რათა ჩვენ, ხალხი, არ გავგიჟდეთ. რაც შეიძლება ფრთხილად, დელიკატურად და არა ჩხიკინით და თითის ქნევით."

 

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მედია არის მეოთხე ხელისუფლება. ბუნებრივია, მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური პროცესები უნდა გააშუქოს. თუმცა, საქმე ისაა, როგორ გააშუქებს. გააშუქებს თუ არა ობიექტურად და გაუკეთებს თუ არა ანალიზს.

"ჟურნალისტები, რომელთაც დიდი განათლება არ აქვთ, ეტყობა, ანალიზს თვითონ აკეთებენ. ჟურნალისტმა ანალიზი კი არ უნდა გააკეთოს, არამედ ფაქტი უნდა მოიყვანოს. ქართული სინამდვილისა და მართლმადიდებლობისთვის საპატრიაქრო და მასში მიმდინარე მოვლენები ისეთი საკითხია, რომელიც ჟურნალისტებმა ფრთხილად უნდა მოგვაწოდონ, ანალიზისგან კი თავი შეიკავონ.

"მედიამ ბევრი რაღაცებისგან თავი შეიკავოს, რადგან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. არავის აქვს უფლება, სასამართლო პროცესზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გაჩერდნენ და დაელოდონ პროცესებს, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მედიას შეუძლია, თავისი დასკვნა დადოს, იყო თუ არა სწორი და ა.შ."

 ქეთი ბექაური (იურისტი): "თავს შევიკავებ, მეუფე იაკობის ამ განცხადებას რაიმე შეფასება მივცე. მისი განცხადება არ მომისმენია და კონტექსტიდან ამოღებულ ტექსტს ვერ შევაფასებ. სასამართლო გამოძიების დეტალები არ ხმაურდება და შეიძლება, მეუფე იაკობს მხედველობაში ეს ჰქონდა. მაგრამ მამა გიორგი მამალაძის საქმე რეზონანსული საქმეა და, რა თქმა უნდა, მედიის ინტერესი ყოველთვის დიდი იქნება. არა მარტო ჩვენი მედიის, შეიძლება საერთაშორისო მედიის ინტერესიც გაჩნდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×