თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვით ადრე თბილისის მერობისათვის მებრძოლი მთავარი კანდიდატების ვინაობა პრაქტიკულად გამოკვეთილია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. თუმცა პრეზიდენტს არჩევნები ჯერ არ დაუნიშნავს და, შესაბამისად, მისი ზუსტი თარიღი უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ არჩევნები მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ დაინიშნება.
პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატურები ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ძირითადი კონტურები უკვე გამოკვეთილია.
"ქართული ოცნების" კანდიდატურა, დიდი ალბათობით, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მან თანამდებობის დატოვების განცხადება უკვე დაწერა.
"ცხადია, განიხილება ბატონი კახი კალაძის კანდიდატურა, მაგრამ ეს არ არის ჯერ ოფიციალური ინფორმაცია და როცა იქნება, ყველა გაიგებს.
"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ კახი ძალიან კარგი მერი იქნება. სადაც მუშაობდა, ყველგან კარგი მუშაობით გამოიჩინა თავი. ყველა პრობლემას ძალიან კარგად აგვარებს, რაც იყო თუნდაც ხანდას ხეობაში და სხვა. ჩვენ, "ოცნებაში," მხარს დავუჭერთ, თუმცა ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ოფიციალურად გამოცხადდება", - უთხრა "რეზონანსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება მის კონკურენტებს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილს, თუმცა ცნობილია, რომ მის კანდიდატურას მხარს უჭერენ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები".
ერთი კვირის წინ ელისაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდა, რაც საკუთარ შესაძლებლობას წამოყენებული კანდიდატურების მიხედვით აწონ-დაწონიდა.
გუშინ "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საკრებულოს წევრთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას 10 დღეში წარადგენს და, ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქნება, რომელიც ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
"წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. 10 დღეში იქნება ცნობილი. რაც შეეხება ჩემს კონკურენტებს, "ქართული ოცნებიდან" ნარმანია იქნება თუ კალაძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანდიდატურა იქნება იმ ხელისუფლების, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ყოველ კალენდარულ სამუშაო დღეს იწყებს იმით, რომ დამალოს ან გადაფაროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამის ნათელი დადასტურებაა ფარცხალაძის შემთხვევა", - გვითხრა მელიამ.
"ევროპულმა საქართველომ" კი მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია ოფიციალურად უკვე დაასახელა.
არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები ასევე ეყოლებათ "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს" და დავით უსუფაშვილის ჯერარშექმნილ პარტიას, თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ. უსუფაშვილის თქმით, რამდენიმე საინტერესო ადამიანს განიხილავენ და საბოლოოდ ერთზე შეაჩერებენ არჩევანს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ამ არჩევნებზე წარმატების ყველაზე დიდი შანსი დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება, თუმცა როგორც ამბობს, ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ, დიდი ალბათობით, მეორე ტურს პროგნოზირებს, სადაც მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გაიმართება.
"არჩევნების ლოგიკას თუ მივყვებით, მერიის არჩევნებზე წარმატების ყველაზე მეტი შანსი ექნება არაპარტიულ კანდიდატს შემდეგი ლოზუნგით - გავწმინდოთ თბილისის მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან. აი, ეს ლოზუნგი იქნებოდა ყველაზე მოთხოვნადი ამომრჩევლის თვალსაზრისით.
"თუ ასეთი კანდიდატი გამოჩნდებოდა და ამ ლოზუნგის რეალობაში დაარწმუნებდა საზოგადოებას, მაშინ არც მმართველ და არც სხვა კანდიდატს შანსი არ ექნებოდა.
"დღეს ამომრჩეველს უწევს არჩევანი ცუდ ხელისუფლებასა და უარეს ოპოზიციას შორის. არც ერთი არ მოსწონს, ეძებს მესამეს, თუმცა ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ასეთ კანდიდატს ვერ ხედავს.
"ასეთი კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს. ალეკო ელისაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის წინაშე აქვს გარკვეული დამსახურება, ადამიანებში აღიქმება უფრო როგორც საზოგადო მოღვაწე და არა როგორც პოლიტიკური ან სამეურნეო ლიდერი. აქედან გამომდინარე, მისი შანსი ამ როლზე საკმაოდ მოკრძალებულია", - გვითხრა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ტურში კალაძეს მელია ან ხოშტარია შეებრძოლება, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ეს კონფიგურაცია ყველაზე მეტად ხელისუფლების კანდიდატისთვის იქნება სასიკეთო.
"თუ ჩვენ დავრჩით პარტიული არჩევანის პირისპირ, მაშინ, ყველაზე მაღალი ალბათობით, მეორე ტური იქნება. ბუნებრივია, აქ იბრძოლებს სახელისუფლებლო კანდიდატი და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, იმიტომ, რომ საკუთარი კაპიტალი არავის არ აქვს. მთლიანად პარტიული რესურსით იქნება ის შედეგი მიღწეული, რაც იქნება.
"მეორე ადგილზე ან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გავა, მაგალითად, ნიკა მელია, ან ელენე ხოშტარია. ეს არის ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი კონფიგურაცია.
"მეორე ტურში, გინდა, მელია იყოს და, გინდა, ხოშტარია, მათ ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაციის საშუალება არ ექნებათ. მარტივი მიზეზების გამო ერთმანეთი უფრო სძულთ, ვიდრე - ხელისუფლება. მათ შორის კონფრონტაცია ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე რომელიმე მათგანსა და ხელისუფლებას შორის. ეს უცნაური კონფიგურაცია იმუშავებს ხელისუფლების სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში კალაძე უპირობოდ მოიგებს", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზითაც, არჩევნებს, დიდი ალბათობით, კალაძე მოიგებს, მეორე ადგილზე კი "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გავა.
"ჯერჯერობით ამის თქმა საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა თუ დღეს არსებული კანდიდატებით ვიმსჯელებთ, მგონია, რომ კალაძე უკონკურენტოა.
"აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ბრძოლა უფრო მეტად გაიმართება კალაძესა და ხოშტარიას შორის, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი თბილისის ძირითადი ნაწილი უგულავას ელექტორატია და "ევროპული საქართველოც" სწორედ ამაზე იმუშავებს.
"შეიძლება იყოს მეორე ტური, მაგრამ ეს ბევრს მაინც არაფერს შეცვლის. ჯერჯერობით უპირატესობა აქვს "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ნახევარი წელი გავიდა და ოპოზიცია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ამდენად, ამ ცნობილი კანდიდატებიდან უპირატესობა კალაძის მხარესა. ელისაშვილთან დაკავშირებით შეფასება გამიჭირდება, მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია", - განუცხადა ძაბირაძემ "რეზონანსს".