(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერილს უგზავნის. დონალდ ტრამპი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს.
ტრამპი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიის ლიდერად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სამხედრო მისიებში ქართული მხარის მნიშვნელოვან როლს აღნიშნავს.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში" , - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს,რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ტრამპი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშე დგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის გზას. მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა" , - ნათქვამია მილოცვის წერილში.