(რეზონანსი) ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლების შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა. პარტიის პროგნოზით, არსებული პოლიტიკით, საქართველო ევროპის ეკონომიკურად ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყანას 50 წელიწადში დაეწევა.
პარტიის პროგნოზი საქსტატის 2016 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე მედიას სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო და აქცენტი სიღარიბის 6-%იან ზრდასა და პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე ფასების მატებაზე გააკეთა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასებმა კი წლიურად 6,6%-ით იმატა.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ,რომ ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი, 17,5 %-ია ტრანსპორტის ჯგუფში, რაც „ქართული ოცნების" მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა და მედიკამენტები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტების გაუარესების შედეგია.პარტია ხელისუფლებას გადასახადების შემცირებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცისკენ მოუწოდებს.