(რეზონანსი) აშშ პარიზის შეთანხმების შემდეგ გაეროს კლიმატური ფონდიდანაც გადის. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თეთრი სახლი ასევე უარს ამბობს თავისი ფინანსური წვლილი შეიტანოს გაეროს კლიმატური ფონდის საქმიანობაში" , - განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს უფროსმა, სკოტ პრიუტმა.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ განაცხადა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებას დატოვებს. მისი თქმით, შეთანხმების პირობების შესრულება შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ვაშინგტონი გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთგული რჩება. მისი თქმით, პარიზის შეთანხმება ამერიკას ე.წ. დრაკონულ ვალდებულებებს აკისრებს და 2025 წლისთვის 2 მილიონ 700 ათას სამუშაო ადგილის გაუქმებით ემუქრება მაშინ, როდესაც სხვა ხელმომწერი ქვეყნები ამერიკის ხარჯზე პრივილეგიებს იღებენ.
კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში მიიღეს. მისი მიზანი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გავრცელების შეზღუდვაა. შეთანხმება წევრ ქვეყნებს 2020 წლამდე, განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის, 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს.