რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) ლონდონის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, - ინფორმაცია „BBC" -მ გაავრცელა.

„BBC" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, 6 კი დაიღუპა.

გამოცემის ინფორმაციით, მიკროავტობუსის საჭესთან იჯდა კაცი, რომელიც საათში დაახლოებით 80 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. ამჟამად მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებული, დანარჩენი ორი თანამზრახველი კი ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ხიდიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 3 კილომეტრში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. უცნობმა კაცმა რესტორანში რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა.

ინციდენტების დეტალები უცნობია, თუმცა მედია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ იუწყება, ასევე წერს, რომ პოლიცია მომხდარს ტერაქტებად განიხილავს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონის ცენტრში თავდასხმების სერია განიხილება, როგორც „ტერორიზმის პოტენციური აქტი".

განცხადება საქართველოს საელჩოშიც გააკეთეს, ისინი ბრიტანეთში მყოფ ქართველ მოქალაქეებს აფრთხილებენ. ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

ოფიციალური ვერსიით, ტერაქტში 12 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ადგილობრივი პოლიცია რეიდებს განაგრძობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×