(რეზონანსი) იაპონელი მხატვარი ედგარ ლიზარაზუ შიოსაკი, რომელიც საქართველოს პროექტ „ხატე საქართველოსთვის" ფარგლებში ესტუმრა, ფერწერას ქართული ღვინით ასრულებს.
„მრავალი წელი ზეთით და აკრილით ვმუშაობდი. ბოლო დროს გამიტაცა ღვინით ხატვამ. ეს ჩემთვის მხოლოდ ტექნიკა არ არის. ვიდრე ღვინოს არ გავსინჯავ, ფურცელზე გადატანა არ გამომდის. ჩემთვის ის შთაგონების წყარო და უდიდესი სიამოვნების განცდაა. ღვინო ნამდვილი შემოქმედებაა - როდესაც რომელიმე ქვეყნის ღვინოს სვამ, ამ ქვეყნის ისტორიას და კულტურას ეზიარები. ქართული ღვინო ღვთაებრივია, ისევე როგორც ისტორია და კულტურა", - აცხადებს მხატვარი.
მისი თქმით, ღვინით შესაძლებელია უმრავი ფერისა თუ ტონალობის მიღება.
„ღვინით შეგიძლია ისეთი ფერიც კი მიიღო, როგორიცაა მომწვანო-მოლურჯო, სტაფილოსფერი, იასამნისფერი, ვარდისფერის სხვადასხვა ტონალობები. რამდენიმე ფუნჯს ვიყენებ, სპეციალურად ვარჩევ ფურცელს და ღვინოებს. ის ფერები, რომელსაც ღვინით ვიღებ, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. მანამდე ბევრი სხვა ტექნიკაც მიცდია. ვიდრე ღვინით ხატვა გამიტაცებდა, ვცადე ფერების მიღება ყავით, ვისკით, რომელსაც ვურევდი თამბაქოში. ღვინის ფერებმა ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა. ეს იყო ავსტრალიაში. მას შემდეგ, ბევრი ქვეყანა მოვიარე. საქართველოში ყოფნის გამოცდილებას კი სიამოვნებით გავიმეორებ ", - ამბობს შიოსაკი.