(რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირელი წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს მისცა კურთხევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დახმარება დღეში რამდენიმეჯერ სთხოვოს.
„მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ" , - განაცხადა პატრიარქმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.