აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გარკვეულწილად პოზიცია შეიცვალა. თუკი რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრები ეჭვქვეშ აყენებდნენ ჟურნალისტის საქმიანობას, ან საერთოდ დუმილს ამჯობინებდნენ, ახლა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს მოქალაქეობას სთავაზობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელა. მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.
"ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.
"სწორედ ამიტომ სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა პრემიერმა და პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, მისი ოჯახის წევრებისთვის მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა.
"აქვე, მინდა, დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის, მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.
მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით უნდა დადგეს თუ არა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): "ჯერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოძიება უნდა ჩატარდეს. იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან დაიკარგა ეს ადამიანი და უნდა დადგინდეს, რა მოხდა. თუ გამოვლინდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან დანაშაულის ფაქტი, რასაკვირველია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ."
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს განახორციელა და შეუკვეთა. იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო ამბავი, სახელმწიფოებრივი საქმეა და ჩვენ არანაირად არ გვაძლევს ხელს ურთიერთობის გართულება. ასეთი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მესამე ძალის ინტერესებზე ასხამს წყალს."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ჯერ უნდა დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. მხოლოდ ამის მერე გამოიკვეთება დამნაშავე პირებიც და ხელშემწყობებიც. თუ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე და რა ვითარებაში გაქრა ეს ადამიანი, რთულია ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი.
"რა თქმა უნდა, ზოგადად, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქმეა, მაგრამ კონკრეტულად ვისი, რთული გასარკვევია."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანის გამო ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ საკუთარ ქვეყანას.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ამის განსაკუთრებულ სიმაღლეზე აყვანა და თქმა, რომ ქვეყანა დაიქცა, არ მიმაჩნია სწორად."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე