ეკატერინე ბასილაია
05.06.2017

 დიდი სკანდალი გამოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა კონფერენციამ, სახელწოდებით - "დასავლური საფრთხეები საქართველოში", სადაც იყო განცხადებები, რომ დასავლეთი გვებრძვის, საქართველოს განადგურება სურს, რუსეთი კი ჩვენი კეთილი მეგობარია.

გამომსვლელთა ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ აშშ-ის ელჩის კომენტარზე ბოდიშის მოხდა მოუწია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელმაც ატეხილი ხმაურის შემდეგ განაცხადა, რომ კონფერენციის შინაარსზე არაფერი იცოდნენ.

ექსპერტთა ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებზე ღია პრორუსული პროპაგანდის არსებობაზეც ალაპარაკდა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოში რუსული "რბილი ძალა" რომ ძალიან გააქტიურებულია, ეს ყველამ იცის და ასეთი განწყობის ადამიანები ჩვენში არიან, მაგრამ მიუღებელია, ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ღონისძიებებს მასპინძლობდეს უნივერსიტეტი.

უფრო მეტიც, შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში დღესაც ასწავლიან პროფესორები, რომლებიც ლექციებზე ღია პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან.

ცნობისათვის, თსუ-ში პრორუსული ღონისძიება, სახელწოდებით "დასავლური საფრთხეები" 30 მაისს ჩატარდა. ვიდეოჩანაწერი კი მოგვიანებით, რამდენიმე დღეში გავრცელდა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და რომ იგი პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს შეხვდა.

ასევე ლაპარაკობს იმაზე, რომ საფრთხის შემცველია ის ვალდებულებებიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ აიღო. მისი მთავარი გზავნილი რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა იყო.

"დასავლეთი გვებრძვის, საქართველოს განადგურება უნდა", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

მის ამ გამოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მისი საქმიანობა გამჭვირვალე და საჯაროდ გაშუქებულია, აშშ-ის ხელისუფლება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის და პანკისშიც მხოლოდ ერთხელ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

შემდეგ განცხადება გაავრცელა თსუ-ის ადმინისტრაციამ, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა არ იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, სამეცნიერო ხასიათის შეხვედრის ჩატარების მიზნით აუდიტორიის გამოყოფის თაობაზე განაცხადში კი აბსოლუტურად სხვა თემატიკა იყო მითითებული. შესაბამისად, ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადებებზე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, საქართველოში რუსული "რბილი ძალა" ძლიერდება და სიახლე არ არის, რომ ანტიდასავლური შეკრებები ტარდება, მაგრამ მსგავსი შინაარსის შეკრება სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უნდა ტარდებოდეს.

"ტრისტან წითელაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის თსუ-ში ამგვარი ღონისძიების ჩატარება საკვირველია. ეს რუსული რბილის ძალის დემონსტრირებაა.

"ჩვენ საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომის წინა ხაზზე ვართ. რუსეთი, ჩვენი პირდაპირი მტერი, ახორციელებს არა მარტო ხისტ, მცოცავ ოკუპაციასა და სამხედრო მუქარას, არამედ "რბილი ძალის" ფაქტორის გაძლიერებასაც. ამიტომ საჭიროა, სახელმწიფომ ამ რუსული "რბილი ძალის" საპირისპირო კონცეფცია შეიმუშაოს და საზოგადოება არ იყოს მოწყვლადი ამ პროპაგანდისტული ზემოქმედების. დროა, საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია შევიმუშაოთ," - ამბობს მაისაია.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ტრისტან წითელაშვილი და შეკრებაზე მყოფი სხვა ადამიანები ყურადღებას არ იმსახურებენ, პრობლემური ისაა და აღშფოთებას ის იწვევს, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ ცოდნის ტაძარში რატომ ჩატარდა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიება.

"რას ნიშნავს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ იცოდა, ღონისძიება რას ეხებოდა? კონფერენციის ჩატარებას რომ ითხოვს ვიღაც და აუდიტორიას უყოფ, ხომ უნდა იკითხო, ვინ არიან და რა შინაარსის შეკრებაა?!

"ამაზე ადმინისტრაციამ, კანცლერმა უნდა აგოს პასუხი. ეს სამარცხვინოა. ეს ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ილია ვეკუას, დიმიტრი უზნაძის და ბევრი ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა.

"წითელაშვილი რომ ლიბერალურ ღირებულებებზე არ ისაუბრებდა, უნდა სცოდნოდა ადმინისტრაციას; ან თუ სამეცნიერო კონფერენცია ეგონათ, ვინ მეცნიერი მონაწილეობდა, არ უნდა გაერკვიათ? რადგან თსუ-ში ჩატარდა ეს ე.წ. კონფერენცია, ე.ი. მეცნიერებიც ესწრებოდნენ, აბა, რატომ შეარჩიეს უნივერსიტეტში დარბაზი?!" - ამბობს ჩიტაძე და დასძენს, რომ ყველაზე საშიში და პრობლემური სწორედ ასეთი პრორუსი პროფესორები არიან, ვისაც ახალგაზრდა თაობის განათლება ეხება.

"მაჰათმა განდი ამბობდა - ყველაზე საშიში კოლონიზატორების მიერ აღზრდილი ინტელიგენციააო და ამ შემთხვევაში ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, იმ პროფესორებთან მაქვს შეკითხვა, თორემ წითელაშვილს რა ინტელექტუალური მოხსენება უნდა გაეკეთებინა?!

"სხვადასხვა უნივერსიტეტში არიან ასეთი ადამიანები, რუსეთუმეები, რომლებიც ლექციებზე წამლავენ ახალგაზრდა თაობას და ღია პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან. ასეთი შემთხვევები ჩემთვისაც ცნობილია, სტუდენტებისგანაც მსმენია.

"კონკრეტული გვარებით და უნივერსიტეტებით საუბარი არ მინდა. მე პრეტენზია მაქვს თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიმართ - ასეთი ადამიანები რატომ კითხულობენ ლექციებს. ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს, რაც უნდა მიუღებელი იყოს, მაგრამ როდესაც საქართველოს მოკავშირეს ჩირქს სცხებ და რუსულ პროპაგანდას ეწევი, შენი ქვეყნის ოპოზიცია ხარ და ასეთები უმაღლეს სასწავლებლებში კონფერენციებს არ უნდა აწყობდნენ," - დასძენს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×