თიკო ოსმანოვა
05.06.2017

 ადამიანს, რომელსაც თავის დროზე ბინადრობის უფლება არ მისცეს, ახლა მოქალაქეობას სთავაზობენ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა. რამდენიმედღიანი იგნორირების შემდეგ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და აფგან მუხთარლის საქმეში არსებულ კითხვებზე პასუხის დროული გაცემის პირობა დადო, პრეზიდენტს კი მოუწოდა, ჟურნალისტის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სთავაზობს, ოჯახი კი ამ ყველაფერს შოუს უწოდებს და მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა, ამის შემდეგ აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალი წარუდგინა და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა, როგორ აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მუხთარლი უპასპორტოდ რამდენიმე საათში ბაქოში, დღემდე გაურკვეველია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.

ამასთან დაკავშირებით შაბათს პოლიციამ აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა კიდევ ერთხელ დაკითხა. როგორც მისმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა "მთელ კვირას" განუცხადა, დაკითხვა თავად მუსტაფაევას ინიციატივით მოხდა, რომელმაც გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მეუღლის გატაცებასთან დაკავშირებით.

"ორი დღის წინ პოლიციას მივმართეთ განცხადებით, რომ გვსურდა გამოძიებასთან დამატებით თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მუხთარლისგან გადმოცემით გახდა ცნობილი. დაახლოებით ორი დღე ამაზე არ იყო პასუხი, მაგრამ გუშინ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ დამატებით დაგვკითხავდნენ.

"მისი მეუღლისთვის, მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა 4-მა ადამიანმა გაიტაცა სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს არის ნიაღვარის ქუჩა ქალაქის ცენტრში.

"ჩვენი აზრით, ეს დეტალები დაეხმარება შს სამინისტროს, სწრაფად და დროულად მოახდინოს ამ პირების იდენტიფიცირება.

"გამტაცებლები ქართულად მოსაუბრე ადამიანები იყვნენ, რომლებიც მანქანში ჩასმის შემდეგ ანგარიშს აბარებდნენ ტელეფონით ხელმძღვანელს. აფგანს არანაირი დოკუმენტი თან არ ჰქონია.

"ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მხრიდან ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულებულიყო საქმე. გატაცების დროს სცემეს. ვარაუდობს, რომ ნეკნები აქვს მოტეხილი, მაგრამ არავითარი სამედიცინო სერვისი არ მიუღია. თან დიაბეტით არის დაავადებული", - გვითხრა ჩოფიკაშვილმა.

ამ დაკითხვის პარალელურად, შაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა ასევე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აფგან მუხთარლის საქმეში არსებულ კითხვებზე პასუხის დროული გაცემის პირობა დადო.

"ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს.

"ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

"აქვე მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის, მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით.

"ამასთან, მინდა, ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აფგან მუხთარლის მეუღლეს - ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს შეხვდა და ოჯახს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა.

ოჯახის პოზიცია

ხელისუფლების პოზიციას მალევე გამოეხმაურა მუსტაფაევა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

მისი განცხადებით, გასულ წელს, როცა ბინადრობის ნებართვა მოითხოვა, მას უთხრეს, რომ "დაკავებული იყო საშიში საქმიანობით". მუსტაფაევას თქმით, გამოდის, რომ მეუღლის დაკავების შემდეგ ის საშიში აღარ არის. ამბობს, რომ "არ არის საჭირო შოუების დადგმა".

"გასულ წელს ბინადრობის ნებართვის თხოვნით მივმართე საქართველოს. მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ საშიში საქმიანობით და ეს არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. მაშ, რა არის ეს? გამოდის, რომ მე აღარ ვარ საშიში ჩემი ქმრის დაჭერის შემდეგ?

"არ არის საჭირო შოუს მოწყობა ერთი ჟურნალისტის დაკავებით, ჩემი ქმრის დაკავებით. არ არის საჭირო ასეთი შოუები. სჯობდა, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მათ საქმე ისე გამოეძიებინათ, როგორც საჭიროა. დღევანდელ დღემდე მე და ჩემს ადვოკატს არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, არ გაგვაცნეს საქმე", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის, განცხადებით, ოჯახი დარწმუნებულია, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ოფიციალური თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, ამიტომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.

"მოქალაქეობის საკითხი რადიკალურად განსხვავებულია იმ პრობლემისგან, რომელიც არსებობს. აი, მაგალითად, ადამიანი რომ მივიდეს ექიმთან რაღაც პრობლემით და ამ დროს ექიმმა უთხრას, მოქალაქეობას მოგანიჭებთო.

"მისი მეუღლე გამოძიების მიმართ მაღალი ნდობით ნამდვილად არ არის გამსჭვალული, მაგრამ იმედოვნებს, რომ ჩატარდება დროული გამოძიება.

"ოჯახი დარწმუნებულია, რომ გატაცება მოხდა ოფიციალური თანამშრომლობით. გატაცებამდე მიმართა ბინადრობის უფლებისთვის. რაღაც პერიოდი მისცეს, მერე უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა", - უთხრა "მთელ კვირას" ჩოფიკაშვილმა.

"მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდი რამ გააკეთეს"

"ცუდი სვლის შემდეგ ახლა კარგი სვლა უნდა გაკეთდეს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ხელისუფლების მხრიდან პოზიციის შეცვლას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების "შავ კომპიუტერში" უკვე შევიდა და მათი მხრიდან ახლა რაღაც ნაბიჯების გადადგმას მნიშვნელობა აღარ აქვს.

"რატომ შეიცვალა ხელისუფლებამ პოზიცია, მარტივია - მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდი რამ გააკეთეს და ახლა გამოსწორებას ცდილობენ. გარკვეული წარმატებების შემდეგ შენი ქვეყნის ტერიტორიიდან ადამიანის გატაცება არის დიდი კაზუსი. თანაც საუბარია დისიდენტზე.

"მთელ მსოფლიოში - ევროპაში, ამერიკაში დისიდენტები არიან, როგორც ინდოეთში წმინდა ძროხები. ხელშეუხებლები არიან, მათ ხელს არავინ ჰკიდებს. მშობიარობასავით განიცდის ცივილიზებული სამყარო ასეთ ფაქტებს.

"ვერ გეტყვით, ხელისუფლებას რამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა - გატაცების ფაქტმა თუ ჯეჯელავას რაღაც გაუგებარმა განცხადებებმა. ასე რომ, როგორც იტყვიან, ცუდი სვლის შემდგე ახლა კარგი სვლა უნდა გაკეთდეს. თუმცა ოჯახის მხრიდან მოქალაქეობაზე უარის თქმა ერთგვარად ხელისუფლებისთვის სილის გაწნას ნიშნავს.

"ხელისუფლება ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, თუ იტყვიან - ჩვენ არაფერ შუაში ვართო, გამოდის, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა აბუჩად აიგდეს და ჩვენს ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც თავის დროზე ისრაელი - არგენტინას, ხან ერთ ადამიანს იტაცებდნენ, ხან - მეორეს. მეორე მხრივ, საქმის კურსშიც თუ იყვნენ, ამასაც ვერ აღიარებენ.

"ეს ფაქტი ხელისუფლების შავ კომპიუტერში უკვე შევიდა. ასე რომ, აწი რაც უნდა თქვან, მნიშვნელობა არ აქვს. თანაც საქართველოში ხომ გამოძიება არც ერთ საქმეზე არ სრულდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იქნება. ამას რაღაც მოვლენით გადაფარავენ", - გვითხრა ცინცაძემ.

ორი შესაძლო ვარიანტი - ცუდი და უარესი

ა/ო "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს, თუმცა ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს.

"ასეთ საქმეს, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ავალებენ. ეს არის სპეცსამსახურების ფუნქცია. მაგრამ საკითხავია, ეს ჩვენი სპეცსამსახურია თუ აზერბაიჯანის.

"ყველა შემთხვევაში, ჩვენ თუ ამას გადავაბამთ, რაც მოხდა თურქეთის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.

"ასე რომ, ორი შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ - ერთი, რომ ეს მოხდა ქართულ სპეცსამსახურებთან, სამართალდამცავებთან კონტაქტში აზერბაიჯანის მხრიდან, რაც დარღვევაა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს - სასამართლოს გარეშე ადამიანის წაყვანა თუ გატაცება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

"მეორე უარესი შემთხვევაა - თუ მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი ძალებით, დამოუკიდებლად ჩაატარა სპეცოპერაცია. კი, ბატონო, მათი მოქალაქეა, მაგრამ საქართველოში მყოფი მოიტაცა. ასე რომ, ორივე შემთხვევაში არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

"ხოლო ის, რომ მის გატაცებაში კრიმინალური პოლიცია მონაწილეობდა, არის ოჯახის ვერსია და მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. თუ ეს დადასტურდა, მერე შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რატომ მონაწილეობდა კრიმინალური პოლიცია და შესაბამისი კომენტარიც.

"რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, ვფიქრობ, ეს არის ზემოქმედების შედეგი, რაც მოსალოდნელიც იყო. საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები საკმაოდ შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო და ეს განცხადებაც ამის შედეგი იყო", - უთხრა "მთელ კვირას" ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×