(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გუშინ, მმართველი გუნდის შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატზეც ისაუბრეს. ამასთან, კობახიძე მერად კახა კალაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
"პარტიას აქვს თავისი პროცედურები, ჯერ არ გაგვივლია ეს საკითხი, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას. მალე გვექნება შეხვედრა და წარვადგენთ კანდიდატს ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძის კანდიდატურას მთავრობის წევრებიც გამოეხმაურნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია.
"არჩევნები თავისთავად გულისხმობს ალტერნატივებს. ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. თუმცა ჯერ პროცედურებია გასავლელი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კახა კალაძე არის თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატი - ამის შესახებ კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ის ამ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს", - განაცხადა ალავიძემ.