(რეზონანსი) განათლების მინისტრის განცხადებით, საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს უთხრა, ის მარიამ ჯაშის ამ ინიციატივის წინააღმდეგია .
„ბარიერი არის უდაბლესი, წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს რომ ბარიერი გადალახოს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს დადებით ეფექტს. მეორეს მხრივ, მარიამის ინიციატივით საუბარია არა უბრალოდ მეორე შანსის მიცემაზე, არამედ ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ეს პრობლემა თავისი მიზეზით არ შეექმნება. ამ ინიციატივას აუცილებლად განვიხილავთ მომავალი წლისთვის და შევეცდებით, რომ თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ბავშვი არ დაზარალდეს " , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მარიამ ჯაშმა თავისი ინიციატივის შესახებ სასკოლო ფორუმზე ,,სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება" ისაუბრა:
,,სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ. თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.