(რეზონანსი) შემოსავლების სამსახურისა და ერთ-ერთი ბანკის პარტნიორობის შედეგად გამოქვეყნდა ბიზნეს რუკა, რომელიც აანალიზებს 25 მილიონამდე ჩანაწერს და აჯამებს ბიზნეს ინდუსტრიებს ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: კომპანიების რაოდენობა, ჯამური შემოსავალი, საერთო მოგება, საერთო ხარჯი, თანამშრომლების რაოდენობა, თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები, კომერციული ფართების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები. წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს არა მარტო მთლიანი ინდუსტრიის სქრინინგი, არამედ ინდუსტრიის ეკონომიკის შეფასება კონკრეტულ ლოკაციაზე.
ბიზნეს რუკაზე მოცემული ინფორმაციის შედეგად ჩანს, რომ აზარტული თამაშების სექტორი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. თუ 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 2,121,744,711 ლარს შეადგენდა, 2016 წელს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 2 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა წარმოდგენილი. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ საინტერესოა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. კაზინოები გადასახადს მოსაკრებლის სახით იხდიან, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშები არანაირი დამატებითი გადასახადით არ იბეგრებიან.
2017 წლის პირველ 3 თვეში აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი პირველ კვარტალში 1,4%-ს არ აღემატება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 0,8%-ს შეადგენდა. წელს შედარებით გაზრდილი შენატანი დაბეგვრის ახალი რეჟიმიდან გამომდინარეობს.
მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების საკითხზე აქტიური განხილვები დაიწყო. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ.