საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თალაკვაძეს სჯერა საქართველოს ხელისუფლების, რომ მუხთარლის გატაცებაში მონაწილეობა არ აქვთ მიღებული.
"მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველო ამ ინციდენტში არანაირი სახით არ იყო ჩართული. ამის მჯერა, რადგან საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ისინი გადაადგილდებიან, გადიან და შემოდიან ქვეყანაში. მათ არანაირი პრობლემები საქართველოში არ შექმნიათ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მუხთარლი 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანშია დაკავებული. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენა და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მუხთარლის გატაცებაში მონაწილეობს თუ არა მესამე ძალა, რომელსაც საქართველოს და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღრევა სურს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): რთული საკითხია. შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ. მესამე ძალა ჩართული არ არის. იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ოფიციალურ და, რაც მთავარია, ამომწურავ პასუხს გასცემენ.
კეთილმეზობლური ურთიერთობის აღრევას ორივე მხარე ძალიან უნდა უფრთხილდებოდეს, მით უმეტეს, ამ ყველაფერს უცხოეთი უყურებს. ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებით თავშესაფარს თხოულობს, იმ ქვეყანაში, რომელშიც თავშესაფარი ითხოვა, განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მინუსია დაშვებული იმ სტრუქტურების მხრიდან, რომელთაც ეს ევალებოდა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არა მგონია, ვინმე მონაწილეობდეს. ეს საქმე აზერბაიჯანის და საქართველოს მხრიდან არის გასაკეთებელი.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ერთია, გაიტაცეს და შენ არ იცოდი - დიდი სირცხვილი და უბედურება გჭირს. გაიტაცეს და შენ იცოდი - კრიმინალი ხარ. ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ყველაზე მეტად ქართული მხარე უნდა იყოს დაინტერესებული, რათა დიდი სირცხვილი ჩამოვირეცხოთ.
რამდენადაც მოვისმინე, მუხთარლი ამბობს, რომ ვიღაცები ქართულად საუბრობდნენ და გამიტაცესო. ანუ მტკიცდება, რომ ნაცემი და გატაცებულია. რა თქმა უნდა, რაღაც ძალა არსებობს.
რუსეთი ცოცხალია და ერთი სული აქვს, საქართველოს რამე ცუდი კიდევ გაუკეთოს, მაგრამ ვერც ერთი ძალა ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ შენი ინსტიტუციები მყარია და თუ უშიშროება თავის სიმაღლეზე გყავს. რაც უნდა გვიმტკიცონ და მოქალაქეებს აბსოლუტური სისულელეები მოახვიონ, უშიშროება ვერ არის სიმაღლეზე.
გია ბუღაძე (მხატვარი): რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მესამე ძალის შესახებ დიდი ინფორმაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს არის რუსული კაგებეს ძალები, რომლებიც სიტუაციას ყოველთვის აღრევენ. მათი მონაწილეობა, შეიძლება ითქვას, რომ რეალური და წამყვანია. მოგეხსენებათ, რომ მათი აგენტურა აქტიურად მუშაობს ქართულ ძალოვანებში.
რეზო მიშველაძე (მწერალი): კარგა ხანია, ასე ბურუსით მოცული ისტორია არათუ წამიკითხავს, არც მომისმენია. დღითი დღე ფიქრობენ ამ "სიუჟეტის" დამძიმებას და ორივე მხრიდან ურთიერთბრალდების მოტივები გაისმის.
მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობაზე ეს ამბავი დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე საკმაოზე მეტი გავლენა უკვე მოახდინა. ვფიქრობ, არ ცდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ აქ მესამე ძალაა ჩარეული.
აზერბაიჯანის ან საქართველოს საგამოძიებო ორგანოები თუ იმდენად გულუბრყვილოები აღმოჩნდებიან, რომ მოსიარულე ხმებს დაჰყვნენ და საქმე ჭორების ნიადაგზე გამოიძიონ, მით უარესი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. ვფიქრობ, ჩიტი ბდღვნად არ ღირს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე