(რეზონანსი) „სტარტაპ საქართველომ" კონკურსში გამარჯვებული პროექტის
„ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა" საზოგადოებას გააცნო.
ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა გულისხმობს მანქანისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 10-მდე მანქანის მოთავსებას ვერტიკალური პარკირების მეთოდით - პარკირების ელევატორული სისტემის მეშვეობით, რომელიც რკინის კონსტრუქციაა და მისი დაშლა-აწყობა შეიძლება. პარკირებიდან მანქანის გაყვანა 40 წამშია შესაძლებელი.
პროექტის ავტორების განცხადებით, ამ სისტემის გამოყენება მარტივია და ლოკაციის შეცვლის მიზნით, შესაძლებელია უმოკლეს ვადებში კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი. მას კომპიუტერიზირებული მართვის სისტემა აქვს.
პროექტის ჯამური ღირებულებაა 100 000 ლარი, რომელშიც "სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები: 70 წლის ანზორ საკანდელიძე და 62 წლის მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერ-გამომგონებელი, 62 წლის სერგო ჯორბენაძე და 65 წლის ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.