(რეზონანსი) „ BBC "- ის ცნობით, საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის მართვის სააგენტომ, ყატარის ავიახაზებს ლიცენზია გაუუქმა და კომპანიის ოფისების ორი დღის ვადაში დახურვის ბრძანება გასცა.
„ 48 საათის შემდეგ Qatar Airways-ის ყველა ლიცენზია გაუქმებული,
ხოლო ოფისები დახურული იყოს.
ასევე გაუქმდეს ყატარის ავიახაზების პერსონალის მიერ გაცემული ყველა სახის ნებართვა. აღნიშნული დაკავშირებულია საუდის არაბეთსა და ყატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან ", - წერია განცხადებაში.
არაბულმა ქვეყნებმა ყატარი რეგიონში ტერორიზმისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ეგვიპტემ განაცხადა, რომ ოფიციალური დოჰა „მუსლიმ ძმებს" ეხმარება.
ყატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ელ-რიადში გამართული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტიდან ერთ კვირაში განვითარდა. ერთ-ერთმა ყატარულმა სააგენტომ ამირის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობდნენ.
არაბული ქვეყნების სამიტზე კი, ირანი მტრული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ამირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს. თუმცა არაბულმა ქვეყნებმა ეს დამაჯერებლად არ მიიჩნიეს.