მუხრანში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითმა სხდომამ ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაიარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.
სხდომის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრების მთავარი კრიტიკის ობიექტი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო.
როგორც საპარლამენტო კულუარებში აღნიშნავენ, მწვავე დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივამ გამოიწვია. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიციები დაფიქსირდა როგორც საკუთრივ მაჟორიტარების, ასევე პროპორციული სიით გასული დეპუტატების მხრიდან.
"დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული უარყოფითი შეფასება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ იმის ხაზგასმამ გამოიწვია, რომ მაჟორიტარული სისტემა ავტორიტარიზმის საფრთხეს ქმნის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სხდომის მონაწილემ.
მისივე ინფორმაციით, მუხრანის შეხვედრაზე დაისვა კონსტიტუციაში იმ ნორმის შენარჩუნების საკითხიც, რომლის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა.
გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მხრიდან დაისვა საკითხი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩატარების თაობაზე, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა. ამის არგუმენტად კი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია დაფიქსირდა.
ამასთან, მთავრობისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დასახელდება.
როგორ ფიქრობთ, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" არის თუ არა შიდა დაპირისპირება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ვერ იქნება შიდა დაპირისპირება, უბრალოდ არის საკითხები, რომლებსაც კრიტიკული განხილვები ახლავს. მე არ მგონია, რომ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რადგან ვინც "ქართულ ოცნებაშია", ისინი არ არიან თავისი ძალითა და მეობით.
შესაბამისად, თუ ადამიანი დამოუკიდებელი არ ხარ, რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამ, "ოცნება" კი დამოუკიდებელი ნამდვილად არ არის.
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): მერე რა მოხდა, თუ დაპირისპირებაა?! უნდა იყოს, აბა როგორ გვინდა, ეს ნორმალური პროცესია. რაღაცაში უნდა ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რაღაცაში - არა.
არ მგონია, ეს განსახილველი იყოს. მთავარია ის, თუ რას აკეთებენ და საით მიდის პროცესები, ჩემთვის, როგორც მოქლაქისთვის, ეს არის მთავარი.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): არ ვიცი, არის თუ არა დაპირისპირება, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ასე იყოს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ამას დაპირისპირებას კი არა, უთანხმოებას დავარქმევდი. "ქართულ ოცნებაში" არიან მაჟორიტარები, რომლებსაც არ სურთ მაჟორიტარული სისიტემის გაუქმება, რატომ - ეს კარგად ვიცით.
მათ უმეტესობას დიდი ქონება აქვს და ისინი იცავენ თავიანთ თავს. იციან, რომ ისე ვერ მოხვდებიან სიაში და ამ გზით სურთ პარლამენტში მოხვედრა. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს არა პროპორციული სისტემა, არამედ მაჟორიტარული, აი ეს არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე