საქართველოდან სირიასა და ერაყში "აისისის" რიგებში რეკრუტირება შეწყვეტილია და ახლა უკვე, დიდი ალბათობით, წასულთაგან რაღაც ნაწილი უკან დაბრუნებას დაიწყებს. ზოგი იმის გამო, რომ იმედი გაუცრუვდა, ზოგიც - სპეციალური დავალებით.
"დაბრუნების ვარიანტი იქნება იმიტომ, რომ "დაეში" აპირებს, გაშალოს ფრონტი. ზოგი დაბრუნდება იმედგაცრუების გამო, ზოგი - სხვა მიზეზით, შეიძლება, სპეციალური დავალების კუთხით. ეს გამორიცხული არ არის", - "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, 2016 წლის დასაწყისიდან სირიასა და ერაყში ე.წ. ჰიჯრა (გადასახლება) პანკისიდან, საერთოდ საქართველოდან და ასევე სხვა ტერიტორიებიდანაც, მნიშვნელოვნად შეწყდა და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
"2015 წლის ბოლოს "დაეშის" ("ისლამური სახელმწიფოს") ტერიტორიაზე არსებული მეომრების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ბუნებრივია, "დაეშის" ხელმძღვანელობამ ყველას მოუწოდა, არ მომხდარიყო წასვლა.
"მეორეც, სერიოზული ბრძოლების შედეგად "დაეშს" ფართო ტერიტორიების დათმობა მოუწია. რაც მას 2014-2015 წლებში ტერიტორიები ჰქონდა, მისი 50% დაკარგა. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორებიცაა: პალმირა, მოსული. რაქაც ალყაშემორტყმულია.
"ეს ტერიტორიები ე.წ. "ისლამური სახალიფოს" ტერიტორიას მოიცავდა და სადაც საკუთარი მმართველობის წესი ჰქონდათ დაკანონებული. ტერიტორიები შეუმცირდათ და დღეს უკვე ფაქტობრივად მებრძოლების ერთგვარი გადანაწილება ხდება, რომლებიც "ისლამური სახალიფოს" ტერიტორიებს ტოვებენ და გადადიან სხვა ტერიტორიებზე. მათ შორის ავღანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სპარსეთის ყურის, მაღრიბის ტერიტორიებზე და ა.შ. შესაბამისად, წასვლაც არ ხდება", - ამბობს მაისაია.
მისი თქმით, ამ პანკისელების შემთხვევაში ჰიჯრის შეწყვეტის მიზეზი ისიც გახდა, რომ 2016 წლის ივლისში "დაეშის" მეთაური თარხან ბათირაშვილი დაიღუპა და ახლა ჩვენ საპირისპირო პროცესს - წასულების უკან დაბრუნებას უნდა ველოდოთ.
"ბათირაშვილის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მოტივაციის თვალსაზრისით. ესეც დაიშალა. ახლა ჩვენ შეიძლება ველოდოთ სირიიდან ადამიანების ჩამოსვლას.
"გამორიცხული არ არის, "დაეშმა" გაშალოს თავისი ფრონტი უკვე იატაკქვეშეთის მიმართულებით და საბრძოლო ოპერაციების ზონა გაავრცელოს იმ ტერიტორიებზე, საიდანაც არიან კოალიციის წევრები, რომლებიც "დაეშს" სირიასა და ერაყში ებრძვიან.
"სამწუხაროდ, ამის სინდიკაციები არის ბოლო, ლონდონისა და მანჩესტერის ტერაქტები, ასევე მანამდე ევროპაში გახშირებული ტერორისტული აქტები, რომლებსაც "დაეში" ახორციელებს.
"ავღანეთში იყო საშინელი ტერაქტი, სადაც 1 000 ადამიანი დაიღუპა და ავღანეთში "დაეში" ძალიან გააქტიურდა. ავღანეთში, პაკისტანში, ფილიპინებში, მაღრიბში "დაეში" ძალიან გააქტიურებულია. ამიტომაც "ისლამური ხალიფატის" ტერიტორიაზე წასვლა აზრს კარგავს", - აღნიშნავს მაისაია.
ცნობისათვის, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 5 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.
პანკისში ამბობენ, რომ ბაღაკაშვილი სირიაში ავიაიერიშებს ორი კვირის წინ ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის შესახებ ოჯახს მხოლოდ ახლა აცნობეს.
მუხმადი სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს 19 წლის ასაკში, 5 წლის წინ შეუერთდა. იქ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. ცნობისათვის, ერაყსა და სირიაში მიმდინარე სხვადასხვა შეტაკებას უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.
არაოფიციალური მონაცემებით, სირიაში პანკისიდან კიდევ 20-ზე მეტი ახალგაზრდა იბრძვის. მთელი საქართველოდან, სუს-ის ინფორმაციით, წასულია 50 ადამიანი, ექსპერტების მოსაზრებით კი - 100-ზე მეტი, როგორც პანკისიდან, ასევე აჭარიდანაც და ქვემო ქართლის აზერბაიჯანული თემიდანაც.
ვახტანგ მაისაიას თქმით, რამდენია წასული ქვემო ქართლიდან და აჭარიდან და მათგან რამდენია დაღუპული, ეს არავინ იცის. აჭარიდან მხოლოდ 3 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამდენივე ითქვა ქვემო ქართლიდანაც, თუმცა თვლის, რომ გაცილებით მეტი იქნება გარდაცვლილი.
"პანკისი პატარა ხეობაა და იქ ადამიანის დაღუპვის დაფარვა არ ხდება. ეს ადგილობრივ ტრადიციასთანაც არის დაკავშირებული. სხვა რეგიონებში მალავენ", - ამბობს მაისაია და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, როგორ და რა ტერიტორიებზე შეიძლება გაშალოს ბრძოლები "დაეშმა", რომ ამ არეალში საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს და ამის გამო დღეს და ხვალ "დაეშის" მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებიც დაიწყებენ უკან დაბრუნებას.
"შეიძლება, მათი უკან დაბრუნება დაიწყოს. მათი ე.წ. ტერიტორიების რუკაზე დაფიქსირებულია ვილაიეთი "კავკაზი", რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს და ასევე ვილაიეთი "გურჯისტანი", რომლის არსებობა ამერიკულ წყაროებშიც დადასტურდა და "გურჯისტანის" ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და საქართველო შედის.
"დაეშს" სამი ტიპის რეგიონალური ქსელები აქვს: მიძინებული, ნახევრად მიძინებული და აქტიური. "გურჯისტანის ვილაიეთი" დღეს მიძინებული ქსელია", - დასძენს მაისაია.
საქართველოს კანონმდებლობით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თანამშრომლობა საქართველოს სს-ის კოდექსით დასჯადია და თუკი ასეთი პროცესი დადასტურდება, საქართველოში დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება, თუმცა როგორც მაისაია ამბობს, ამის გამოვლენა არც ისე იოლი იქნება.