(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველ გუნდში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი იქნება.
„რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხარდაჭერა. პარტია უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში", - ამბობს თეა წულუკიანი.
კახა კალაძეს ძლიერ კანდიდატად მოიაზრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეც.
„საკითხს პარტიის ბიუროზე გაიტანენ თუ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე და აქედან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ მგონია, რამე განსხვავებული პოზიცია იყოს", - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.