კიევიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" შეთავაზება მიიღო, რათა თბილისის მერის არჩევნებში კენჭი იყაროს.
"მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. თუმცა, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.
"უკრაინაში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა მქონდა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის "ნაციონალური მოძრაობისგან". გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის" თუ დამოუკიდებელი კანდიდატი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა გამარჯვების შანსი თბილისის მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): გადაცემები მშვენივრად მიჰყავს. თუ ეს შესთავაზეს და დათანხმდა, მისი არჩევანია. მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და სარგებლის მომტანია, თავად გადაწყვეტს. თუ გადაწყვეტს, რომ ამ საქმეში წარმატების მიღწევის უნარი შესწევს, როგორც თავის საქმეში შეძლო, ალბათ დათანხმდება.
მე მაგალითად, მთელი ცხოვრებაა ჩემი პროფესიით ვმუშაობ. თუ რამე ისეთი შემომთავაზეს, რითაც სარგებელს ვერ მოვიტან, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები. მისი გადასაწყვეტია. უნდა იმუშაოს, რომ მივხვდეთ, რამდენად შეძლებს. ვიღაცაზე ხშირად ვამბობთ, რომ ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ პირიქით ხდება. ამიტომ, პასუხის წინასწარ გაცემა ძალიან რთულია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-უბრანისტი): ქალაქის, ჟურნალისტიკისა და საერთოდ დედაქალაქის პრობლემატიკის ტოტალური პროფანაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტმა მიხედოს ჟურნალისტიკას, ურბანისტმა - ქალაქს.
პოლიტიკოსი რომ იყოს, კიდევ გასაგებია, გვერდში ამოიყენებს ურბანისტებს, აქრიტექტორებს, ეკონომისტებს, მშენებლებს და ა.შ. გადაცემის დაწყების პირველივე წამებიდან ისტერიკული ტონი შემოაქვს.
ეს კი, დავალებაა, მაგრამ ხომ შემოაქვს. ეს ისტერიკა ქალაქის სივრცეში რომ შემოიტანოს, ხომ დავიღუპებით, ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. არავითარ შემთხვევაში! ამის დაშვება როგორ შეიძლება.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): უკეთესი იქნებოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა კანდიდატურა შეერჩია, რადგან, არა მგონია, უდუმაშვილს გამარჯვების პერსპექტივა ჰქონდეს. წესით, ამ პოზიციას არ უნდა დათანხმდეს.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): ჩემი აზრით, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ოცნებიდან" რომელი კანდიდატურაც არ უნდა იყოს წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობაზე, მორალური უფლება არ ექნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო.
აქედან გამომდინარე, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იქნება წარდგენილი. იმედია, საზოგადოება პოლიტიკური სკლეროზით დაავადებული არ იქნება და კარგად გაიხსენებს, თუ რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" და რას სჩადიოდნენ მმართველობის დროს.
გია ბაღაშვილი (მუსიკოსი): მას ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. მესმის მისი, რადგან ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტია. ამ ეტაპზე ვაცადოთ ზაალს, აირჩევს თუ არა პოლიტიკურ კარიერას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე