უმრავლესობა საარჩევნო კომისიების სათავისოდ დაკომპლექტებისთვის ახალი კანონის მიღებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" კომისიებში 1-ის ნაცვლად 4 წარმომადგენელი ეყოლება და თუ ამას მიემატება ისიც, რომ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების უმეტესობა მუდმივად ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, არჩევნების დროს ოპოზიციის ნებისმიერი საჩივარი და პროტესტი აზრს საერთოდ კარგავს და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ეს სურს მმართველ პარტიას.
სწორედ ამ რისკების გამო სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია "ოცნების" ამ სურვილს კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ. არასამთავრობოების განცხადებით, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მოხდება მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მოქცევა, რაც არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და გაყალბების რისკებს შეიცავს. ოპოზიცია კი პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება და ეს ცვლილებაც ამას ემსახურება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია და მისი ინიციატორი "ოცნების" 15 დეპუტატია, მათ შორის ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, გედევან ფოფხაძე არიან.
ცვლილება საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლში შედის, რომელიც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ეხება. კომისიებში სულ 13 წევრია, აქიდან 6 პროფესიული ნიშნით აირჩევა, 7 - პარტიული ნიშნით.
ახალი პროექტით, საარჩევნო კომისიებს დააკომპლექტებენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია. დანიშვნა კი მოხდება წესით: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 7-ზე და გაიყოს არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს ცესკო-ს წევრთა რაოდენობას, რომელთა დანიშვნის უფლებაც პარტიას ექნება. დღეს მოქმედი კოდექსით კი, საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული 7-ვე წევრი სხვადასხვა პარტიის მიერ უნდა იყოს დანიშნული და ცესკო-ს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ახალი პროექტით, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება აღარ იქნება დამოკიდებული პარტიის მიერ მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ის განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. ეს იმის შესაძლებლობასაც კი იძლევა, რომ 7-ვე წევრი ერთმა პარტიამ დააკომპლექტოს.
ახალი წესის ამოქმედება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ არის გათვალისწინებული. თუ პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს, პარტიების მიერ დასანიშნი 7 წევრიდან "ქართული ოცნება" დანიშნავს 4 წევრს და თითო-თითო წევრს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი".
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ თუ ცვლილება კანონად იქცევა, მოხდება მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მოქცევა და ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სამართლიან საარჩევნო გარემოს.
"ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამის მენეჯერ ლევან ნატროშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მიეცემა შესაძლებლობა, ადმინისტრაცია სრულად დააკომპლექტოს თავის წარმომადგენლებით და აღარ იქნება მრავალპარტიული შემადგენლობა, რაც რისკის შემცველია.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღება, რაც ასევე შეიცავს არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და გაყალბების რისკებს.
"ერთ პარტიას თეორიულად შეეძლება, რომ დანიშნოს 7 კაცი, თუ შესაბამისი ხმების რაოდენობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში. პრობლემურია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ერთ პარტიას დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს პოლიტიკური ცხოვრება.
"თუ მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ უმრავლესობა ეყოლებათ კომისიებში, იმის ალბათობა, რომ არჩევნები სამართლიან და კეთილსინდისიერ გარემოში ჩაივლის, რა თქმა უნდა, მცირდება", - ამბობს ნატროშვილი.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და სწორედ ამიტომ სჭირდება კომისიაში საკუთარი წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა.
"ამ ცვლილების მერე, მას ეყოლება 4 წევრი კომისიაში და თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებიც ლოიალურები არიან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, ეს იქნება სრული კონტროლი დაწესებული საარჩევნო კომისიებზე", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა არჩევნების გაყალბების მცდელობას უსვამს ხაზს.
"ქართული ოცნება, რომელიც კატასტროფულად კარგავს რეიტინგს, ახლა უკვე მიადგა საარჩევნო კოდექსს, რათა შეიქმნას ისეთი პირობები, რითაც შესაძლებელი იქნება არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ქარდავამ.