(რეზონანსი) პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ეხმაურება. პრესსპიკერმა აღნიშნა,რომ ადმინისტრაცია სამ თვეზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარისგან შეურაცხყოფას და ლანძღვას ისმენს.
„ვატყობ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება, შესაბამისად, აღნიშნულზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია" , - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები ძალიან სუსტია.
„პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, არის ძალიან სუსტი. ეს დადასტურდა გუშინდელ მოსმენაზეც, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ცვლილებები შეაფერხებს ნატო-სკენ სვლას. არ მიკვირს, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს ვენეციის კომისიის სხდომაში მონაწილეობას" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიის სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განსახილველად 16 ივნისს შეიკრიბება. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას.