(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების დოკუმენტი უკვე მიიღო. თუმცა, ირაკლი კობახიძიე ამ ეტაპზე მის შინაარსს არ ასაჯაროვებს.
„ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი წინასწარი დოკუმენტი. არის მზადყოფნა გაეგზავნოს დოკუმენტი სხვა სუბიექტებს. ჩვენ, ჩვენს კომენტარებს ვუგზავნით ვენეციის კომისიას წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით, იმისათვის რომ საბოლოოდ დაზუსტდეს. ეს არის ორი-სამი დღის საქმე. ამის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ოპოზიციური სუბიექტებისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიის სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ, 16 ივნისს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვების დღის რეჟიმი 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა. საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვები გაიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, ცვლილებებით პარლამენტის ადგილსამყოფელი კი განსაზღვრული არ არის.