ნინო ქეთელაური
09.06.2017

საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო საპარლამენტო უმრავლესობაში უთანხმოებაა. ფრაქციის - "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას დაახლოებით 75 დეპუტატი (მაჟორიტარები და არამაჟორიტარებიც) უჭერს მხარს.

პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლის მომხრეა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ დღეს მოქმედ სისტემაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხეს ხედავს, რაც უმრავლესობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის არგუმენტები სუსტია და ქვეყანაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ უნდა გაუქმდეს.

"ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მაჟორიტარი არსებული სისტემის შენარჩუნებას უჭერს მხარს. შესაძლებელია, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც იყვნენ მაჟორიტარული სისტემის მომხრე", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია და აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი და პირდაპირი დემოკრატიის გამოხატულებაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირადად ის სისტემის შეცვლას უჭერს მხარს.

მუხრანში რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე მწვავე დისკუსია სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით გაიმართა. აღნიშნულზე უარყოფითი პოზიცია გამოხატეს როგორც საკუთრივ მაჟორიტარებმა, ასევე პროპორციული სიით გასულმა დეპუტატებმაც.

უნდა შენარჩუნდეს თუ არა არჩევნების მაჟორიტარული სისტემა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე (მხატვარი): "ეს საკითხი ვენეციის კომისიის მიერ საკმაოდ სერიოზულად არის დასმული. მე, როგორც არაპოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა რა ფორმითაც დღეს არის, არ უნდა იყოს შენარჩუნებული. პროპორციულზე უნდა გადავიდეთ, ბარიერიც დაიწიოს 3%-მდე და დარჩენილი მანდატები ყველა პარტიაზე უნდა გადანაწილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული სისტემა მთავრობას მართლაც ავტორიტარიზმის უბედურებაში გადაჩეხავს."

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "აქამდე მიჩვეული ვიყავი და მომწონს, როდესაც არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ჩემ მიერ არჩეულია და თითქოს გეიმედება, რომ გარკვეულწილად გიპატრონებს. მე ვფიქრობ, თუ მაჟორიტარული დარჩება, კარგი იქნება. მით უმეტეს, თუ გადაუნაწილებელი მანდატები მაინც ხელისუფლებამ უნდა მიითვისოს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, იყოს მაჟორიტარული."

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მე ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს. ადამიანები პენსიაზე პარლამენტიდან არ უნდა გადიოდნენ. მაჟორიტარული სისტემა სწორედ ამის საშუალებას აძლევს, რომ ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე ადამიანები ირჩეოდნენ."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ჩემი აზრით, უნდა შენარჩუნდეს და გეტყვით რატომაც. მარტო პროპორციული საარჩევნო სისტემა რომ იყოს და სიაში მე ჩამწერონ, პარლამენტში გამოვდგები?! სია იმიტომ არ უნდა იქმნებოდეს, რომ ოღონდ შეივსოს. სწორედ ამ არგუმენტით ვემხრობი მაჟორიტარულის დატოვებას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×