მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების გეგმა თუ შანტაჟი უფრო და უფრო აქტუალური გახდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც გუშინ ვენეციის კომისიის წინასწარ დოკუმენტში საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება გაკრიტიკებულია და რეკომენდაციაა, რომ მმართველმა ძალამ ის შეცვალოს.
პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ გუნდში უკვე განიხილავენ გადაუნაწილებელი მანდატების, ე.წ. ბონუსების განაწილების "ზედა ჭერის" დაწესებას. პარალელურად კი ამ ფონზე "ოცნების" დეპუტატების მხრიდან ისევ გააქტიურდა მაჟორიტარული სისტემის შესაძლო შენარჩუნებაზე განცხადებებიც.
ეს გააქტიურებული განცხადებები ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილის მიერ უკვე შეფასდა, როგორც "შანტაჟი" ხელისუფლების მხრიდან.
"მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულ დისკუსიებს და განცხადებებს მმართველი ძალის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან შანტაჟის სუნი ასდის. ეს საკმაოდ დამამცირებელია, მათ შორის პოლიტიკური ძალისთვის," - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტების" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.საია-ს თავმჯდომარის კრიტიკას "ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა.
"მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები მიდის და ეს შანტაჟი არაა. ეს ბუნებრივი პოზიციაა. არის ამ თემაზე სერიოზული დისკუსია და ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნია", - განაცხადა ძიძიგურმა.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრ გიორგი ახვლედიანის თქმით, ძიძიგურის მხრიდან თავის მართლების მიუხედავად, "ოცნების" დეპუტატების აქტიური განცხადებები იმაზე, რომ მაჟორიტარები წინააღმდეგნი არიან, მაჟორიტარობა გაუქმდეს, "ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი" და მმართველი ძალა ამ თემით არა მარტო ჩვენი საზოგადოების და ოპოზიციის, არამედ ვენეციის კომისიის დაშანტაჟებასაც შეეცადა.
"როდესაც ბერლინის კონფერენციაზე ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არ შეიძლება გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად წაღება, მაშინ "ოცნებამ" დააყენა საკითხი - ჩვენს გუნდში მაჟორიტარები არიან, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ეთანხმებიან და იძულებული გავხდებით, დავტოვოთ მაჟორიტარული სისტემაო. მაშინ ამ განცხადებამ კომისიის ექსპერტების ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია," - ამბობს ახვლედიანი.
მისი თქმით, მაჟორიტარების თემის გააქტიურება "ქართული ოცნების" მზაკვრული გეგმაა. ერთი, რომ მაჟორიტარების ვითომ დაუმორჩილებლობა გახადეს მთავარი თემა, რომ მეტი არაფერზე არ იყოს საუბარი და ამით გადაფარონ ის "დრაკონული ცვლილებები", რისი დაკანონებაც სურთ. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კენჭისყრაზე უნდათ მაჟორიტარებით მანიპულირება.
"როდესაც საკითხის პარლამენტში განხილვა დაიწყება და კენჭისყრამდე მივა, უცებ გაირკვევა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერისთვის საკმარისი რაოდენობის ხმებს ვერ აგროვებენ.
"ქართულ ოცნებას" 117 დეპუტატი ჰყავს, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 113 ხმა სჭირდება და შესაძლოა, უცებ მაჟორიტარებიდან გამოიყვანონ 5-10 კაცი, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო ამ ცვლილებებს ხმას არ ვაძლევთო. "ოცნება" მაშინვე შემოუტრიალდება ოპოზიციას და ეტყვის - თუ თქვენ კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პროპორციული სისტემა ჩავარდება და ისევ მაჟორიტარული სისტემა დარჩებაო.
"ეს მათი გეგმაა, რომ ოპოზიცია აიძულონ, ამ საარჩევნო სისტემას, ამ დრაკონულ მუხლებს მისცეს ხმა, მათ შორის იმას, რომ ბონუსები წაიღონ, ბლოკები გაუქმდეს და 5%-იანი ბარიერი არ ჩამოიწიოს," - ამბობს ახვლედიანი და დასძენს, რომ ამ შანტაჟის შედეგად ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯით ისევ ხელისუფლება ისარგებლებს.
"თუ ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, "ოცნება" იტყვის, რა ვქნათ, ვეცადეთ, მაგრამ ხმები არ გვეყოო და დარჩება "ოცნებისთვის" ყველაზე სასარგებლო, შერეული საარჩევნო სისტემა. ხოლო თუ ოპოზიცია იტყვის - ოღონდ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და ხმა მივცეთო - აღმოჩნდება, რომ "ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო კონსენსუსით და ეს დრაკონული საარჩევნო სისტემა ოპოზიციის მიერ "გაპრავებული" იქნება. ეს არის "ქართული ოცნების" მზაკვრული პოლიტიკური თამაში," - აღნიშნავს ახვლედიანი და ყველას ურჩევს, ამ "დრაკონულ საარჩევნო სისტემას" ხმა არანაირი შანტაჟის გამო არ მისცენ.
საგულისხმოა, რომ კვირის დასაწყისიდან "ოცნების" საპარლამენტო ლიდერებმა გაააქტიურეს განცხადებები იმაზე, რომ ისევ აქტუალურია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის განხილვა, რადგან გუნდში დეპუტატები მაჟორიტარების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ თუ მანდატების გადანაწილებაზე ვენეციის კომისიის მხრიდან რეკომენდაცია იქნება, მაშინ საკითხი ხელახლა განიხილება და "მოხდება როგორც პროპორციული სისტემის მხარდამჭერი არგუმენტების, ასევე მაჟორიტარული არჩევნების მხარდამჭერი არგუმენტების განხილვაც."
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით კი, მმართველ გუნდში მაჟორიტარულ სისტემას "საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა აქვს".
უფრო მეტიც, მაჟორიტარული სიით სამჯერ გადეპუტატებულმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობაში უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, ვიდრე პროპორციულ სისტემას და "გამოიკვეთა, რომ ასეთი დაახლოებით 75 დეპუტატია".
რა მოხდება საბოლოოდ, "ოცნება" გააუქმებს თუ დატოვებს მაჟორიტარულ სისტემას, ეს თვის ბოლომდე, პლენარულ სესიებზე საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე მაჟორიტარული სისტემის შესაძლო დატოვებაზე ამ განცხადებებს პოლიტოლოგებმა მაშინვე უწოდეს "ცინიზმი" და "შანტაჟი".
"ეს არის ცინიზმი. ახლა ვინმე რომ გავაჩერო და ვუთხრა - "ქართულ ოცნებაში" თურმე ვიღაც ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობის აზრს-მეთქი, სიცილით მოკვდება. ვინ დაიჯერებს ახლა იმას, რომ მაჟორიტარების ხმას, იმათ პროტესტს რაიმე გავლენა აქვს უმრავლესობის ლიდერებზე და საერთოდ ისინი რომ რამეს აპროტესტებენ?!
"ეს სასაცილოა. ეს არის შანტაჟი, მაგრამ უკბილო შანტაჟი - თუ ჭკუით არ იქნებით, თუ არ დასჯერდებით იმას, რომ მანდატები ჩვენ უნდა წავიღოთ, მაშინ უარესი გელოდებათ," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.