საარჩევნო სისტემის შეცვლა, ქორწინებაზე ჩანაწერის დაკონკრეტება და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2013 წლიდან
ეკატერინე ბასილაია
09.06.2017

 ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში მთავარი კრიტიკა საარჩევნო სისტემას, უმთავრესად კი გადაუნაწილებელი მანდატების - ე.წ. ბონუსების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას უკავშირდება. ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ დოკუმენტში გაკრიტიკებულია სწორედ ის საკითხები, რასაც აკრიტიკებენ თავად. "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შენიშვნები უმნიშვნელოა და თან "ბონუსების" ზედა ზღვარზე მსჯელობას ისედაც აპირებდნენ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პროგნოზირებს, რომ "ოცნება" ბონუსებზე ზედა ზღვარს - მანდატების 80-მდე შევსებას დააწესებს და ამ ცვლილებას საზოგადოებასაც და ვენეციის კომისიასაც მიაწოდებს, როგორც ერთ დიდ გამარჯვებას და ოპოზიცია-პოზიციის დიდ კონსენსუსს, რეალურად კი არაფერი შეიცვლება, "ოცნება" ამით თავის მიზანს მაინც აღწევს - მომავალ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობას უპრობლემოდ ინაღდებს."დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვედიანი კი სწორედ ამ "ხაფანგის" გამო ოპოზიციას მოუწოდებს, არ დათანხმდეს ამ ახალ ჩანაწერს, რადგან ყველამ იმდენი მანდატი უნდა წაიღოს, რამდენსაც ის პროცენტულად იღებს და ეს ზედა ზღვარიც "ქურდობაა".

ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გუშინ მმართველ პარტიას გადაეგზავნა და როგორც პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა მიღებული რეკომენდაციები "ქართული ოცნების" მიდგომას შეესაბამება, მათ შორის ბონუსის ნაწილში.

"ბონუსთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, დაწესდეს ზედა ზღვრები," - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ეს სულისკვეთება აბსოლუტურად მისაღებია".

რა წერია კომისიის წინასწარ დასკვნაში

მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" დოკუმენტი არ გაასაჯაროვა, მედიით ის მაინც გავრცელდა და აღმოჩნდა, რომ ყველა გახმაურებულ სადავო პუნქტზეა საუბარი, საარჩევნო სისტემა კი განსაკუთრებულად არის გაკრიტიკებული.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ვენეციის კომისია არ ეთანხმება საარჩევნო სისტემის მოდელს თავისი სამი კომპონენტით. 5%-იანი ბარიერი, ბლოკების შეზღუდვა და გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭება ევროპელი ექსპერტებისთვის თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და საპარლამენტო უმრავლესობის დომინირების რისკს აჩენს.

"როდესაც 5%-იანი ბარიერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და თავისთავად არ იმსახურებს კრიტიკას, ერთობლიობაში, ეს 3 მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ და არ შეესაბამება სამართლიანი წარმომადგენლობის და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებს," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მმართველმა პარტიამ ან საარჩევნო ბარიერი 2-3%-მდე ჩამოწიოს, ან დააწესოს ზედა ზღვარი გაუნაწილებელი მანდატებისთვის, ან მანდატები პროპორციულად გადაანაწილოს ყველა პარტიაზე.

წინასწარ დასკვნაში ასევე საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

"არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს. ამდენად, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები," - წერია დოკუმენტში.

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში წერს, რომ "თუ განსაზღვრება პირდაპირ გამორიცხავს ერთსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთსქესიანთა ურთიერთობას".

არასამთავრობოების შემოგდებული ახალი "ხაფანგი"?

პოლიტიკოსები ყველაზე მეტად სწორედ საარჩევნო სისტემაზე რეკომენდაციებს ელოდნენ და როგორც წინასწარი დასკვნის გაცნობის შემდგომ განცხადებებში ამბობენ, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ მათ პრეტენზიები სამართლიანია.

პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს და ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ იმ საკითხებზე გაამახვილა ძალიან კრიტიკულად ყურადღება, რაც აწუხებდა ქართულ საზოგადოებას და რაც საფრთხეს შეიცავს - ეს არის ბონუსის ე.წ. მუსოლინის სისტემის შემოღება.

მმართველი გუნდი შენიშვნებს საფუძვლიანს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭებული რაოდენობის ზღვარს თავადაც დააწესებდა.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მათი მოლოდინი მართლდება. მისივე თქმით, "ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროექტში ბევრი ცვლილების შეტანა საჭირო არ იქნება" და კომისიის საბოლოო დასკვნა პოზიტიური იქნება.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, საარჩევნო სისტემაში სამი რეკომენდაციაა და მათგან ერთს - ბონუსებზე ზედა ზღვარის დაწესებას ისედაც აპირებდნენ.

"ჩვენ ვფიქრობთ, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია და არა მარტო ზედა ზღვარი, არამედ ქვედა ზღვარზეც ვიფიქროთ - მინიმალური ხმების რაოდენობა შეიძლება გახდეს საჭირო, რომ გამარჯვებულმა პარტიამ დააკომპლექტოს უბრალო უმრავლესობაც," - ამბობს მდინარაძე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს 16 ივნისს ვენეციაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც პრეზიდენტის გამგზავრების საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ის ბონუსების ზედა ზღვარის დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდებს, არ დათანხმდნენ ხელისუფლების ამ ხაფანგს.

"ის, რომ "ქართული ოცნება" ბონუსებზე ზედა ზვარს დააწესებს, ანუ შესაძლოა, 80 მანდატამდე შეივსოს გადაუნაწილებელი მანდატები, არანაირად არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც, მაგალითად, ბლოკების გაუქმების შედეგად იქმნება. ბლოკების გაუქმების საკითხი მიბმულია არა ბონუსების ზედა ჭერის დაწესებასთან, არამედ ბარიერის გაუქმებასთან, ან მის მინიმალურად დაწევასთან, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პარტიული ბლოკების შექმნა არ ხდება, ბარიერი არ არსებობს.

"მაგალითად, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ აიღო 20%. გამოდის, მას 50 მანდატი უნდა მივცეთ საჩუქრად. სად არის აქ სამართლიანობა და პლურალიზმი?

"ჩვენ ამ ბონუსების ზედა ზღვარს არაფრით არ დავთანხმდებით, ეს გამორიცხულია. დიდი ეჭვი არსებობს, რომ არასამთავრობოების ეს ინიციატივა ხელისუფლების გეგმა ხომ არ იყო საერთოდ, რომ თუ ვენეციის კომისია გააკრიტიკებდა, ამ მაშველ რგოლს ჩაბღაუჭებოდა "ოცნება", - ამბობს ახვლედიანი.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ქართული ოცნება" გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარს დააწესებს და ამას დიდ კომპრომისად და გამარჯვებად მონათლავს. რეალურად კი ეს არაფერს ცვლის, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის უსამართლოდ მიკუთვნება ისევ რჩება.

"ჩემდა სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს საკონსტიტუციო კომისიას, დაწესებულიყო ბონუსების ზედა ზღვარი, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 80-მდე შეივსოს მანდატები. ეს არაფერს ცვლის, რადგან ისევ ერთპარტიულ ხელისუფლებას მივიღებთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირველ ადგილზე გასულ პარტიას 80 მანდატი ექნება თუ 95.

"აქ პრინციპი ის არის, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, თუ მას 50%-ზე ნაკლები ხმა აქვს, კოალიციის გარეშე ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. ეს ვარიანტი "ოცნებისთვის" მისაღებია და ალბათ დათანხმდება. გამოვა, რომ ვენეციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, სინამდვილეში კი მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას არაფრით არ გააუმჯობესებს," - ამბობს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×