რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით სააგენტომ „ნეტგაზეთი" გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ფაქტი ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილმაც დაადასტურა. როგორც მათ აღნიშნეს, გვარამიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებს სპეციალურ თათბირზე გააცნო.

დღეს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, გენერალურ დირექტორს ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს და უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდეს, თუმცა არც „ევროპულ საქართველოში" და არც „ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი შესაძლოა მათ რიგებს შეუერთდეს.

გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2" - ის გენერალურ დირექტორად, 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. ნიკა გვარამია 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2007 წლიდან 2008 წლის 31 იანვრამდე კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×