(რეზონანსი) რაიონულმა პროკურატურამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეუღლეს, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დღეს ადვოკატი იგივე მოთხოვნით ქალაქის პროკურატურას მიმართავს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ აფგან მუხთარლი დაზარალებულად ცნონ.
„როდესაც არის მოწმეთა ჩვენებები, როდესაც არის ირიბი მოწმის ჩვენები, როდესაც არის ფაქტი, რომ ადამიანი გაუჩინარდა და დღესაც იმყოფება აზერბაიჯანში, რომელსაც არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ადვოკატთან შეხვედრის პრობლემებიც ჰქონდა. წარმოუდგენელია, კიდევ რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ დაზარალებულად ცნონ" , - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.
მუხთარლი ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შესახებ ევროპარლამენტარები რეზოლუციის პროექტის ტექსტზე მუშაობას იწყებენ.