(რეზონანსი) ნიუ-იორკის სასამართლო დაკავებული ქართველი სპორტსმენების საქმეზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დღესვე გაირკვევა, დატოვებენ თუ არა ისინი საპატიმროებს. ერთ-ერთი დაკავებულის, მოკრივე ავთანდილ ხურციძის მეგობარი „Facebook"-ზე ვიდეოს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე მოკრივეებს თავდებით გაათავისუფლებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მათ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვთ.
ქართველი სპორტსმენების სასამართლო პროცესს კრივის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებიან.
„ვიმედოვნებთ, რომ იქნებოდა გაურკვევლობა. თვითონ ავთანდილ ხურციძეს ახლოს ვიცნობ, ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში და მას მთელი ცხოვრება დათმობილი აქვს სპორტისთვის.ნაცნობობა, მეგობრობა და ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ ყველა კრიმინალია" , - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა.
გუშინ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.