(რეზონანსი) ვენეციის კომისია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს. ახალი ჩანაწერის მიხედვით, საარჩევნო წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი" ავრცელებს.
ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაში, სასამართლო სისტემის გარდა, საუბარია საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის მოწოდებას, რომელიც ე.წ. ბონუსის სისტემას უკავშირდება, იზიარებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა, რომ გავხადოთ მკაფიო ბონუსი, სათანადოდ შევზღუდოთ ბონუსის მოცულობა იმისთვის, რომ არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი. ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდება, ჩვენ ამ მოწოდებას სრულად ვიზიარებთ" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში პრეზიდენტის ნაწილზე შენიშვნა არ არის.
„ვენეციის კომისია პრეზიდენტის ნაწილს ისე იზიარებს, როგორც პროექტშია წარმოდგენილი. დოკუმენტი პოზიტიურად არის შეფასებული. ნათქვამია, რომ დახვეწილი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბება ხდება, რაც ჩვენი ამოცანა იყო" , - ამბობს ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა 8 ივნისს გასაჯაროვდა. კომისია დასკვნას ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.