ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასააგენტო ტელეკომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ მან თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.
გუშინ არხის დამფუძნებლები ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდნენ. მათ "რუსთავი 2"-ში არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ერთი ვერსიით, თათბირი დატოვეს არხის ოპერატორებმა, რისი მიზეზიც ფინანსური პრობლემებია. ყარამანიშვილმა მათ პრობლემის დროულად მოგვარების პირობა ვერ მისცა, რამაც თანამშრომელთა ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია.
მათი ინფორმაციით, ყადაღისა და დროში გაწელილი სასამართლო პროცესის გამო არხს აქვს ფინანსური პრობლემები.
შუადღით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ზაალ უდუმაშვილი აცხადებდა, რომ ის ჯერჯერობით თავის პოსტზე რჩებოდა, თუმცა თათბირის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნუისმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან არხის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დატოვა.
შეგახსენებეთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიიდან არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილიც წავიდა.
როგორ შეაფასებთ "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ნიკა გვარამიას მიერ ამდენი ბრძოლის და წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დასანანი იქნება, თუ ნიკასნაირი ადამიანი დატოვებს ტელევიზიას, რასაც შესაძლოა, ბევრად მძიმე პროცესები მოჰყვეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
"რაც შეეხება სხვა თანამშრომლების მხრიდან არხის შესაძლო დატოვებას, ეს ცოტა უცნაურია. თუ ფინანსური პრობლემები იყო, ნიკას წასვლამდე რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება? თუ ეს ნიკას პრობლემა იყო, მაშინ რატომ მიდიან ახლა, როდესაც მან პოსტი დატოვა? თუმცა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ყველაფერი გაირკვევა და თანამშრომლების წინაშე არსებული პრობლემები მოგვარდება."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მიუხედავად ინფორმაციული ძალიან მაღალი ოპერატიული უნარისა, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოებაში დისკრედიტირებულია ისევე, როგორც მთლიანად სააკაშვილის პარტიის იდეოლოგია. ვფიქრობ, რომ ამ ხაზის გაგრძელება იმ ინტენსივობით, რასაც "რუსთავი 2" აკეთებდა, უკვე შეუძლებელია და ძალიან ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "პირადად ჩემთვის "რუსთავი 2," როგორც ტელეკომპანია, არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიბმული ჰყავდა "ნაციონალური მოძრაობა". რეალური პოლიტიკური ძალა, რასაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია, იყო "რუსთავი 2". ის იყო შენიღბული, როგორც მედიასაშუალება. ახლა უკვე თანდათან დაიწყო პროცესი, რომ მოხდეს ამის ილუსტრირება. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამის ბოლომდე ილუსტრირება მოხდება."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): " ეს ადამიანები უკვე წელიდწადზე მეტია, უმძიმესი მორალური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. იმიტომ კი არა, რომ მათ წინაშე ვინმე დამნაშავეა, არამედ იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელსაც ქვეყნის ან ნათესავების და ოჯახის წევრების წინაშე გრძნობენ. ყველაზე კარგად ეს გვარამიამ იცის. დაიღალა ეს ადამიანი, რადგან დანაშაულის ტვირთს გრძნობს და მე პირადად მის მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდა, რადგან მიხვდა, რომ უნდა წავიდეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე