"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, თუმცა რამდენად შეეხება ეს კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების ჩაწერას, გაურკვეველია.
ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა, კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, ჩაწერა ნეგატიურად არ არის შეფასებული. თუმცა ასეთი ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ვენეციის კომისიის მხოლოდ წინასწარი დასკვნაა. საბოლოო ვერსიას 16 ივნისს დაგეგმილ კომისიის სხდომაზე მიიღებენ და მასში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აღნიშნავს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძირითადად პოლიტიკურ ასპექტში იქნება გათვალისწინებული, ხოლო ისეთ სენსიტიურ საკითხებში, როგორიც ქორწინება და ოჯახის დეფინიციაა, უპირატესობა საზოგადოების მოთხოვნებს მიენიჭება. თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონში ცვლილება, რაზეც კომისიის წინასწარ სარეკომენდაციო დასკვნაშია საუბარი, 20-50 წლის შემდეგ შევიდეს.
"ოცნების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვროს როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში წერია, რომ "თუკი პროექტი პირდაპირ გამორიცხავს ერთსქესიანთა ქორწინებას, ნათელი უნდა გახდეს, რომ ეს არ ეხება ერთსქესიანთა პარტნიორობას".
აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ თუკი კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ, პარალელურად ერთსქესიანი წყვილებისათვის საკანონმდებლო დონეზე უნდა შემოვიღოთ "სამოქალაქო პარტნიორობის" ან "რეგისტრირებული პარტნიორობის" მცნება.
როგორც იურისტმა ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" განაცხადა, ევროპაში სამოქალაქო პარტნიორობა უთანაბრდება ოჯახურ ურთიერთობას, ანუ პირები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ერთად ეწევიან სამეურნეო ხარჯებს, გათანაბრებულნი არიან ქორწინებაში მყოფ წყვილებთან.
ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, - "გადაწყდა, წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით".
მისივე თქმით, აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს და კომისიის დასკვნაში აქცენტი მხოლოდ იმაზე კეთდება, რომ ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტებას ნეგატიური ინტერპრეტაცია არ უნდა მოჰყვეს.
"ქორწინების თაობაზე შენიშვნა გამოთქმული არ არის, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტებას არ უნდა მოჰყვეს ნეგატიური ინტერპრეტაცია. კანონმდებლობის დონეზე ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე ფორმის დისკრიმინაციის დანერგვა, რაც, ბუნებრივია, სათანადოდ იქნება აღკვეთილი.
"საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი. შესაბამისად, ნებისმიერი უმცირესობის უფლება არის დაცული. ასე რომ, რაც შეეხება ჩანაწერს, ამასთან დაკავშირებით ნეგატიური შენიშვნა გამოთქმული არ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის და მისი გათვალისწინება ქვეყნის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვენეციის კომისიის სარეკომენდაციო შენიშვნებს მთლიანად გავითვალისწინებთ, მაგრამ ეს ძირითადად მაინც ეხება ისეთი პოლიტიკური ხასიათის შენიშვნებს, როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობა, პრეზიდენტის არჩევის წესი ა.შ.
"მაგრამ არის ქვეყნისთვის ისეთი სენსიტიური საკითხები, როცა ჩვენ უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებთ იმას, თუ რა კულტურული ღირებულებები და რა მოთხოვნებია საზოგადოების ფართო წრეების მხრიდან.
"ევროსაბჭოში არის ბევრი ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ეს არ არის მიჩნეული საშინელებად. ევროპაში სხვა სტილის ცხოვრებაა და ღირებულებებია. ჩვენ ამ ჩანაწერში ვუპასუხეთ იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აქვს.
"ჩვენ ვართ თავისუფალნი, რაღაცას დავეთანხმოთ და რაღაცას - არა, მით უმეტეს მაშინ, თუ ეს არის სარეკომენდაციო გზავნილი", - აცხადებს გუგული მაღარძე და აქვე აღნიშნავს, რომ ქორწინება არის დამატებითი უფლება, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობის სახელით წარმოიშვა და ყველა ქვეყანა მას ისე არეგულირებს, როგორი მსოფლმხედველობაც აქვს.
"საქმე ისაა, რომ პარტნიორობის უფლებას მათ არავინ ართმევს. თუკი აუცილებლობა იქნება, შესაძლებელია, სამოქალაქო პარტნიორობა განსაზღვრული იყოს ჩვეულებრივ სამოქალაქო კანონში, აუცილებელი არ არის, კონსტიტუციის დონეზე იყოს განსაზღვრული. ეს შესაძლებელია, მოხდეს 20, 30, 50 წლის შემდგომ. გააჩნია, ქვეყანა როგორ განვითარდება.
"ჩვენ არ გვსურს, საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდეთ. მით უმეტეს დღეს ეს მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც ევროპული ოჯახი აღიარებს," - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც ოჯახის განსაზღვრებას ეხება, პრაქტიკულად, საუბარია, რომ პარტნიორული ურთიერთობა გათანაბრებული უნდა იყოს ოჯახურ ურთიერთობასთან.
"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გულისხმობს, რომ ჩვენთან, სამოქალაქო კოდექსით, მხოლოდ ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაცია წარმოშობს ქორწინებას სამართლებრივად ყველა თავისი შედეგით მაშინ, როცა ევროპული სასამართლო ოჯახად აღიარებს იმ პარტნიორებს, რომლებიც ერთად ცხოვროვენ და სამეურნეო ხარჯებს ერთობლივად იხდიან. ანუ, პარტნიორობა აღიარებულია ქორწინების თანაბრად.
"ვენეციის კომისია უთითებს, რომ თუ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ იქნება, მათ შორის პარტნიორული ურთიერთობა აღიარებული უნდა იყოს ოჯახური ურთიერთობის თანასწორად", - განაცხადა მუხაშავრიამ.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციას და ამაზე ევროპულ სასამართლოში სარჩელი შევა, ლია მუხაშავრია გვპასუხობს, რომ მომჩივანი აუცილებლად მოგებული დარჩება და ხელისუფლება უკვე ვალდებული იქნება, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.
"ასეთ შემთხვევაში, როგორც 17 მაისის საქმე წავაგეთ და მოიგეს მომჩივნებმა, ასევე წავაგებთ სხვა საქმეებს, რაც ამ თემებს შეეხება. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო შესასრულებელი იქნება. უბრალოდ, ეს იქნება დროის საქმე.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მიწასთან და ოჯახთან დაკავშირებული თემები ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულია სპეკულაციისთვის, რათა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემები გადაიფაროს. მაგალითად, საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევნები და სხვა საკითხები, რაც, ვფიქრობ, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.