ნინო ქეთელაური
10.06.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია ამ დრომდე არ გამოსულა ოფიციალური განცხადებით, დატოვა თუ არა თანამდებობა. ტელეკომპანიაში სრული გაურკვევლობაა. არაოფიციალური ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა, ან ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

არხის მფლობელი გია ყარამანიშვილმა გუშინ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან გამართა შეხვედრა. არაოფიციალური ინფორმაციით, მან თათბირზე დაადასტურა გვარამიას გადადგომა, თუმცა მისი შემცვლელი ჯერ არ შეურჩევია. თანამშრომლებთან საუბრის მთავარი თემა კი ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემები და სახელფასო დავალიანება იყო.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ამის მიზეზი "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა და ქონების დაყადაღებაა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 3 დღის წინ გვარამია თავის მოადგილე ზაალ უდუმაშვილთან ერთად კიევში იმყოფებოდა და იქ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

საუბრის ერთ-ერთი თემა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უდუმაშვილის კანდიდატურის შესაძლო დასახელება იყო. 7 ივნისს, კიევიდან დაბრუნების შემდეგ, უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ ასეთი შეთავაზება მიიღო და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე სჭირდება.

ძნელი სათქმელია, უბრალო დამთხვევაა თუ არა ის ფაქტი, რომ გვარამიას გადადგომაზე ინფორმაცია კიევიდან მისი დაბრუნების მეორე დღეს ყველასათვის მოულოდნელად გავრცელდა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიევში გამართულ შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი "რუსთავი 2"-ისა და "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი "ევროპული საქართველოს" ურთიერთობა იყო - სააკაშვილი ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას "ევროპული საქართველოსა" და მისი ლიდერების მიმართ ტელეკომპანიის, მისი აზრით, ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების გამო.

აღსანიშნავია, ერთი ვერსიით, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ გვარამია სწორედ "ევროპულ საქართველოში" აპირებს გაწევრიანებას.

გუშინ, პრაქტიკულად, მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანიის ეზოში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დილით თავად "რუსთავი 2" იუწყებოდა, რომ ტელეკომპანიის გუნდი არხის დამფუძნებლებს არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეხვდებოდა.

შუადღით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით თავის პოსტზე რჩებოდა, თუმცა თათბირის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან არხის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ თანამდებობა არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმაც დატოვა.

"რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებში პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძის თქმით, "ტელევიზიის მფლობელს, ბატონ მიხეილს, აქვს თავისი ინტერესები "რუსთავი 2"-თან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ამასთან იქნება დაკავშირებული ის ცვლილებები, რომელიც ხორციელდება ტელეკომპანიის მენეჯმენტში".

კობახიძის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ტელეკომპანიის მიმართ არანაირი სუბიექტური ინტერესი არ აქვს.

"რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ ამ პროცესებს, მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენთვის მთავარია, ჟურნალისტების უფლებები და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და ამ კუთხით განახორციელებს მონიტორინგს პარლამენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით კი, ის, რაც ახლა "რუსთავი 2"-ში ხდება, ხელისუფლების "დამსახურებაა".

"რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია იმ ფინანსურ პრობლემებთან, რომელიც არხს ხელისუფლებამ შეუქმნა. მან, პრაქტიკულად, ყველა ზომა გამოიყენა იმისთვის, რომ ფინანსურად შეევიწროვებინა არხი. ყადაღა დაადო მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების მეშვეობით, გადაუკეტა საბანკო კრედიტის არხები და შეუქმნა მაქსიმალური პრობლემები ფუნქციონირებისთვის.

"ამავე დროს, ვიცით, რომ იყო უთანხმოება არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის, როდესაც საუბარი იყო წილების გადაფორმებაზე, რა დროსაც დამფუძნებლები არ ამოვიდნენ არხის ინტერესებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად, რომ საკონტროლო პაკეტი გადასულიყო არხის ხელმძღვანელობის ხელში. თუმცა ასე არ მოხდა", - აცხადებს ოთარ კახიძე.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა შიცვალოს, ოთარ კახიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი გაუჭირდება, მაგრამ ნიკა გვარამიას ჩანაცვლება ტელევიზიას აუცილებლად დაეტყობა.

"ნიკა გვარამია იყო საუკეთესო დირექტორი მათ შორის, ვინც კი ამ არხს ჰყოლია. ეს ტელევიზია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და რეიტინგული, როგორიც იყო ნიკას დროს. შესაბამისად, მისი ჩანაცვლება მარტივი ვერ იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში არხს დაეტყობა. ამ ეტაპზე მეტის თქმა შეუძლებელია", - აცხადებს ოთარ კახიძე და აღნიშნავს, რომ რატომ მიიღო ნიკა გვარამიამ ეს გადაწყვეტილება ახლა, არ იცის.

"ნიკა ჩემი მეგობარია და მასთან პირადი საუბარი მაქვს ხოლმე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია", - აცხადებს ოთარ კახიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საუბრის უფლება არ აქვს".

"ტელევიზია მათი ხელიდან არის მკვდარი. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არხი ფინანსურად მოეგუდათ, ხელში ჩაეგდოთ მათივე ე.წ. სასამართლოთი, რომლის დამოუკიდებლობა ამ პროცესის გამო დაასამარეს. საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი ფეხზე დაიკიდეს.

"რუსთავი 2"-ის პროცესს ძალიან საეჭვო ვითარებაში შეეწირა ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც ვითომ თავი მოიკლა, მაგრამ ეს არავის სჯერა. შესაბამისად, მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ამ ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია, უტიფრობა და უსინდისობაა", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღო სწორედ ახლა, კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ამაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

"მე სხვა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, პროცესებს, უბრალოდ, თვალს ვადევნებ. ვერანაირ სპეკულაციას ამ თემით ვერ დავიწყებ და ვერც მეტ კომენტარს გავაკეთებ", - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×