(რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და რეკომენდაციების ნაწილი, პრეზიდენტმა „ტვ პირველის" ეთერში განიხილა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომისიას შენიშვნები და მკაცრი კრიტიკა მარტივ ჭეშმარიტებაზე ჰქონდა და ახალი არაფერი უთქვამს.
„კრიტიკა არის ბუნებრივ, მარტივ ჭეშმარიტებებზე, რომ ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული, დემოკრატია ნიშნავს ხალხის ნების ასახვას მმართველობით სტრუქტურებში. ეს ანა-ბანა,რომლითაც 6 თვეა ვსაუბრობთ, არის ამ დოკუმენტში დადასტურებული. ეს ის თემებია, ჩვენ რომ არ ვამბობდეთ,პირველი კურსის სახელმძღვანელოშიც წერია" , - განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა „რეაქციას" ეთერში.
მარგველაშვილი მიიჩნევს,რომ მსგავსი რეკომენდაციები მოსალოდნელი იყო. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის 6-თვიანი პროცესი საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ დასკვნების გამოსატანად და კრიტიკის მიზეზი არ უნდა დარჩენილიყო.
„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ მძაფრი კრიტიკა, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. თითიდან გამოწოვილი, მოგონილი პროცესით, ერთმანეთთან დაპირისპირებით ვცხოვრობთ ბოლო 6 თვე. აღმოჩნდა,რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვარკვევდით. ამის ფონზე, ცოტა კომიკურები არა ვართ,რომ გამოვიძიოთ მარგველაშვილმა ესა თუ ის იმეილი მიიღო თუ არა? ჰობსის,ლოკის, სხვა კლასიკოსების ვერ გავიგეთ და არ ვიცი ბუკიკიოსი რატომ შეიძლება გავიგოთ" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.