(რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებებზე გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია სადღეგრძელოებით აივსო. რეალურად კი არც ერთი ცვლილების საჭიროება არ არის.
„კონსტიტუცია, სამწუხაროდ, გახდა რამდენიმე კარგი სადღეგრძელოს შემცველი. „გაუმარჯოს ნამდვილ ქართულ ოჯახს" - გაუმარჯოს? გაუმარჯოს!ჩავწეროთ. მეორე, „არ გავყიდოთ ქართველებო საქართველო"! ჩავწეროთ. „მოდი ჩვენს ძმებს გაუმარჯოთ ნატო-ში და ევროკავშირში"! მოდი ეგეც ჩავწეროთ. დედმამისშვილებიც რომ მიგვეყოლებინა, მგონი დაბალანსდებოდა ყველაფერი" , - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა არ იყო საჭირო, რადგან მას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.
„რითი არის შეუსაბამო სამოქალაქო კოდექსი? რითი არ გვყოფნის? რატომ გვინდა ავიტანოთ კონსტიტუციამდე? ახლა გავიგეთ იგივე სადღეგრძელო - „გაუმარჯოს კარგ ქართულ ოჯახს". ყველა ხელისუფლებას აქვს პოპულიზმის უფლება და მე მაინცდამაინც არ მაღიზიანებს, რადგან არც ერთი ჩანაწერი კატასტროფული არ არის და არ მიქმნის პრობლემას" , - განაცხადა პრეზიდენტმა.